ნოკაუტი 15 წამში! გეიბლ სტივსონი - UFC-ის ახალი ვარსკვლავი?
თავისუფალ ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გეიბლ სტივსონმა, რომელმაც 2020 წლის ფინალში გენო პეტრიაშვილს ბოლო წამზე მოუგო, ჰიბრიდული წესებით გამართულ ორთაბრძოლებში წარმატებით იასპარეზა და Dirty Boxing Championship ლიგაში (რომლის თანამფლობელიც მისი სპარინგ-პარტნიორი ჯონ ჯონსია) შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
სტივსონს 15 წამი დასჭირდა, რომ ნეშვილში გამართულ DBX 4 ტურნირზე ნოკაუტით დაემარცხებინა თავისი თანამემამულე ბილი სუონსონი, რომელიც მანამდე Bellator-სა და PFL-ში გამოდიოდა.
სასტარტო სიგნალის შემდეგ სტივსონი მაშინვე შეტევაზე გადავიდა და მარჯვენით მეტოქე გათიშა.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში გეიბლმა UFC-ის მთავარ ქარდმეიქერ მიკ მეინარდს მიმართა, რომელიც რინგის მახლობლად იმყოფებოდა.
„ვფიქრობ, დღეს აქ იყო განსაკუთრებული სტუმარი, რომელიც ჩემს სანახავად მოვიდა. მიკ, ცოტა რამ ნახე, მაგრამ ბევრად მეტის ჩვენება მინდა. იმედი მაქვს, გჯერა ჩემი და მადლობელი ვარ ამისთვის“,
– თქვა სტივსონმა.
მიმდინარე წლის სექტემბერში 25 წლის ამერიკელმა, რომელსაც ჯონ ჯონსმა UFC-ის მომავალი ჩემპიონი უწოდა, შერეულ ორთაბრძოლებში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა LFA ლიგის ეგიდით, სადაც ბრედენ პეტერსონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                        