ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, დენიელ კორმიე, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„80/20-ზე ცარუკიანის სასარგებლოდ სიგიჟეა“ | კორმიე ხაბიბს გამოეხმაურა და ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დენიელ კორმიე ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებებს გამოეხმაურა. „არწივმა“ ილია თოფურიაზე და არმან ცარუკიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორს“ „ახალქალაქელის“ დამარცხების მხოლოდ 20-პროცენტიანი შანსი აქვს, რასაც „დისი“ არ ეთანხმება.

„მესმის, ხაბიბი რასაც ამბობს, მაგრამ რაღაცებში არ ვეთანხმები. ყველა ვხედავთ თოფურია მეტოქეებს როგორ ამარცხებს. დიახ, ცარუკიანმა პროგრესს მიაღწია და უკეთესი მებრძოლია, თუმცა ზუსტად იმავეს თქმა ილიაზეც შეგვიძლია.

არ ვეთანხმები ნურმაგომედოვის მოსაზრებას, რომ ცარუკიანი მსუბუქ წონით დივიზიონში საუკეთესო მებრძოლია. თოფურია ჩემპიონია და ტიტული ისეთ სტილში დაისაკუთრა, პირადად ჩემთვის, ამ წონაში ნომერ პირველია. ილიასა და არმანს საერთო მეტოქე ჰყავდათ. ჩარლზ ოლივეირას ცარუკიანთან კარგი მომენტები ჰქონდა, თოფურიასთან კი უშანსოდ წააგო.

რეალურად, ბევრ მებრძოლს ვერ გავიხსენებთ, ვისაც ილიასთან რამე შანსი ჰქონია და ბოლომდე ჩხუბში დარჩენილა. მაქს ჰოლოუემ პირველი რაუნდი კარგად ჩაატარა, მაგრამ დაანოკაუტეს. ჯოშ ემეტი უშანსოდ იყო, მთელი ბრძოლა ურტყამდნენ და თოფურია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჯაი ჰერბერტმა ჩააგდო. მან ილია დაანოკდაუნა, მაგრამ თოფურია არ გათიშულა და ნოკაუტით მოიგო.

ილია ძალიან, ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ ვეთანხმები ხაბიბს იმაში, რომ არმანმა პროგრესს მიაღწია და ახლა ბევრად მაღალ დონეზეა. ნურმაგომედოვმა თქვა, რომ შანსები 80/20-ზეა ცარუკიანის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, 50/50-ზეა ან 60/40-ზე ილიას სასარგებლოდ. ცარუკიანს შეუძლია, თოფურიას პრობლემები შეუქმნას, რადგან ბრწყინვალედ ჭიდაობს და ილიას მისი დონის მოჭიდავესთან არასდროს უჩხუბია. თუმცა, 80/20-ზე სიგიჟეა. ასეთი შანსები შეგვიძლია მივცეთ მხოლოდ ისეთ მებრძოლებს, როგორებიც ხაბიბი და ჯონ ჯონსი არიან. თუ ისინი ჩხუბობენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამარჯვების 80-პროცენტიანი შანსი აქვთ, რადგან ისინი არასდროს აგებენ. მაგრამ იცით კიდევ ვის არ წაუგია არასდროს? ილია თოფურიას! ხაბიბს ამაში არ ვეთანხმები. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თოფურიას 10-დან 8 ორთაბრძოლას მოუგებს.“

ცნობისთვის, ხაბიბის მთავარი არგუმენტი, ცარუკიანის ჭიდაობის გარდა, გახლავთ ის, რომ არმანს ვიდეომასალა აქვს და შეუძლია, „ელ მატადორი“ შეისწავლოს, რაც მისი სუსტი წერტილების დანახვისა და გამოყენების საშუალებას მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა მონაწილე ცნობილია: ლიგის წილისყრა და 1 სიახლე ახალ ფორმატში
ყველა მონაწილე ცნობილია: ლიგის წილისყრა და 1 სიახლე ახალ ფორმატში