„ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი“ | უოტფორდს ჩაკვეს შენარჩუნება გაუჭირდება
Football League World-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლოა, ზაფხულში „უოტფორდის“ რიგები დატოვონ. წასვლის კანდიდატებს შორის გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა და ინგლისური გამოცემა ვარაუდობს, რომ „კრაზანებს“ „ჩაკვეს“ შენარჩუნება გაუჭირდებათ.
„მოსალოდნელია, რომ ზაფხულში, ჩაკვეტაძის მიმართ დიდი ინტერესი იქნება. წარსულში, ის უკვე დაუკავშირებს პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს და სავარაუდო მსურველთა შორის, ვულვზი და ევერტონი დაასახელეს. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს, საკუთარი ხარისხის შესაბამისი ოდენობის გოლი არ გაუტანია, მაგრამ საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები აჩვენა და ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტო 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. გიორგის პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან და სხვადასხვა დროს, „ჩაკვე“ „ვულვზს“, „ევერტონსა“ და „ლესტერს“ დაუკავშირეს.
თურქული პრესის მიხედვით, ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც გიორგის გადაბირება სურდა, „ტრაბზონსპორი“ გახლდათ. „შავი ზღვის შტორმის“ ხელმძღვანელებმა კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს და ჩაკვეტაძის წარმომადგენლებსა და „უოტფორდს“ დაუკავშირდნენ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ.