„კიდევ ერთი ოცნების ასასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - კობიაშვილი სფფ-ის ყრილობაზე
4 ივნისს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში სფფ-ის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარსდგა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა საქართველოს ნაკრების შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას, გაიხსენა ეროვნული ნაკრების სადებიუტო ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე და წარმატებები უსურვა 21-წლამდე ნაკრებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე. ლევან კობიაშვილმა ასევე ისაუბრა ქალთა ნაკრების პროგრესისა, ფუტსალის და ქვიშის ფეხბურთის ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ.
სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდაზე და საგანმანათლებლო აქტივობებზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მნიშვნელობას და საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად ფიფას 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვის. სფფ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სპონსორებსა და პარტნიორებს, ასევე სახელმწიფოს, UEFA-ს და FIFA-ს ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის. სფფ-ის რიგით XXXV ყრილობას ესწრებოდნენ FIFA-ს წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი და UEFA-ს ჰეთ-თრიქის პროგრამის მენეჯერი დენის ბასტარი.
ყრილობამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მათ შორის, სფფ-ის ასოცირებულ წევრად იქნა მიღებული წყალტუბოს სამგურალი და საგარეჯოს გარეჯი, სფფ-ის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე არჩეულ იქნა აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი.