U21: მარცხი რუმინეთთან - ბოლო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატამდე
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის, სადაც 8 ივნისამდე დარჩება.
ავსტრიული შეკრების ფარგლებში რამაზ სვანაძის გუნდმა, ამხანაგური მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ გამართა და 0:1 დამარცხდა. ეს ევროპის ჩემპიონატის წინ გამართული ბოლო შეხვედრა იყო.
საქართველოს ნაკრები სათამაშო უპირატესობას ფლობდა და აქტიურიც იყო, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შეძლო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბუქარესტის „რაპიდის“ ფეხბურთელმა ანდრეი ბორზამ გაიტანა.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძემ შეხვედრაში მხოლოდ 3 ცვლილება განახორციელა, მეტოქემ კი 11.
როგორც მოგეხსენებათ, საწვრთნელ შეკრებას, ტრავმის გამო ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე გამოაკლდნენ. რუმინეთთან მატჩს, მიკრო-ტრავმების გამო ნოდარ ლომინაძემ და საბა გოგლიჩიძემ გამოტოვეს.
ბოლოს გეტყვით, რომ 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 17 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.