„მოხარული ვარ, რომ შენთან ერთად მუშაობის საშუალება მომეცა“ - ქეცბაია ლორიას
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში გიორგი ლორიას ბოლო სანაკრებო მატჩს გამოეხმაურა.
„გილოცავ შენს საოცარ სანაკრებო კარიერას. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება შენთან ერთად საქართველოს ნაკრებსა და ფამაგუსტას ანორთოსისში მემუშავა. შენი პროფესიონალიზმი, სტაბილურობა და ხარისხი უნდა იყოს სამაგალითო სტანდარტი მომავალი თაობებისთვის. ბევრ რთულ მომენტში იყავი ფეხბურთელი, რომელმაც მინდორზე განსხვავება შეიტანა და გადამწყვეტ გამარჯვებებში შენი წვლილი მნიშვნელოვანი იყო.
საკლუბო კარიერაში წარმატებებს გისურვებ და მჯერა, რომ შენს გამოცდილებას, ცოდნას და უნარებს მომავალში ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოიყენებ!“
გიორგი ლორიამ დღეს ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) ეროვნული ნაკრების მაისური უკანასკნელად (79-ე) მოირგო. გულშემატკივრებმა ლორია აპლოდისმენტებით გააცილეს.
ლორია 25 წლის დავით კერესელიძემ (გორის დილა) შეცვალა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი გახლდათ.