9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია
ერთა ლიგის A დივიზიონში მეორე ფინალისტი გამოვლინდა. შტუტგარტში ესპანეთმა საფრანგეთს საოცრად დრამატულ და სანახაობრივ შეხვედრაში 5:4 მოუგო.
ესპანეთმა პირველი ტაიმი ნიკო უილიამსისა და მიკელ მერინოს გოლებით 2:0 მოიგო. მეორე ტაიმი კი 53-ე წუთზე იამალის მოპოვებული პენალტითა და გოლით დაიწყო - 3:0. ზუსტად ერთ წუთში პედრიმ 4:0 გახადა.
59-ე წუთზე მბაპემ პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა, რასაც 67-ე წუთზე იამალის დუბლი მოჰყვა - 5:1.
ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა, მაგრამ 79-ე წუთიდან საფრანგეთმა სამი ბურთის გატანა შეძლო. შერკის ულამაზესი სადებიუტო გასროლა, დანი ვივიანის ავტოგოლი და კოლო-მუანის თავური 93-ე წუთზე - 5:4!
ეს საოცარი შეხვედრა ასე დასრულდა. ესპანელებს მოდუნება თითქმის ძვირად დაუჯდათ და ერთი შეხედვით მარტივად მოსაგები მატჩი ურთულეს ბოლო წუთებში გადაეზარდათ.
ამრიგად, 8 ივნისს (22:45) მიუნხენში „ალიანს არენაზე“ ფინალში პორტუგალია და ესპანეთი ითამაშებენ.
