ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა | ახალი ინფორმაცია ესპანურ პრესაში
გიორგი ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა. ამ ინფორმაციას ესპანური ABC სევილიურ გამოცემაზე, Orgullo de Nervión-ზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ „სევილიასა“ და „სპორტინგს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული.
ანდალუსიელები ქოჩორაშვილს ჯიბრილ სოუს შემცვლელად მოიაზრებენ. შვეიცარიელი ნახევარმცველის დამატებით „ჯენოა“ ინტერესდება. ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს საათებში მიიღებს.
ABC-ის ცნობით, „სევილიას“ სოუს სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს გადაუხდიან და კლუბი ამ თანხას ქოჩორაშვილის გასაფორმებლად გამოიყენებს. ესპანური გამოცემის მიხედვით, ქართველ ფეხბურთელთან ყველაფერი შეთანხმებულია და „სევილია“ „სპორტინგის“ დაყოლიებას ცდილობს.
„ლომები“ ქოჩორაშვილის გასაშვებად მზად არიან, თუმცა სურთ, იჯარის შემთხვევაში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა სავალდებულო იყოს. მთავარი პრობლემა სწორედ ეს საკითხია და კლუბები საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.
ცნობისთვის, El Desmarque-ის ჟურნალისტმა, დიეგო ოტერომ განაცხადა, რომ ქოჩორაშვილს ერთი ფრანგული და ერთი იტალიური კლუბიც აკვირდება, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.