ვილი სანიოლი
Aa
Aa

„პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მეორე არ მომეწონა“ | სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. ამხანაგურ შეხვედრაში, „ჯვაროსნებმა“ ფარერის კუნძულების ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხეს და ფრანგმა დამრიგებელმა საკუთარ გუნდზე ისაუბრა.

„პირველი ტაიმით კმაყოფილი დავრჩი. თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, რაც გვინდოდა. ბევრი მომენტი შევქმენით, შეგვეძლო, მეტი გოლი გაგვეტანა და უფრო მარტივი მატჩი გვქონოდა. მეორე ტაიმი არ მომეწონა. არის მომენტები, როდესაც ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ და ისინი ტვინზე გავლენას ახდენენ, რაც კარგი არაა და უფრო დაღვინებული უნდა ვიყოთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვიყავით შემადგენლობით, რომელსაც ერთად არასდროს უთამაშია. ფეხბურთელებისთვის მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, მეორე ტაიმში, ნამდვილად შეგვეძლო, უკეთესად გვეასპარეზა. გიორგი ლორიას რაც შეეხება, არავინ იცის, ნაკრებში შენი ბოლო მატჩი როგორ წარიმართება და მისთვის ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. ლამაზი დამშვიდობება იყო და გიორგიმ თავისი მოვალეობები ჩინებულად შეასრულა.

ლუკა ლოჩოშვილმა სომხეთის წინააღმდეგ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე კარგად ითამაშა. ვიცოდით, რომ ლოჩოს მარცხენა ფლანგზეც შეეძლო თამაში. ეს მისი საუკეთესო პოზიცია არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ ადგილასაც შეუძლია ასპარეზობა. დღეს, მარცხენა ფლანგზე სწორედ ამიტომ დავაყენე.

საბა ლობჟანიძეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ის მარცხენა ფლანგზე უფრო ეფექტურია, ვიდრე მარჯვნივ. ჩემი აზრით, ლობო დღეს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ეს ძალიან კარგია, რადგან ბოლო 1.5-2 წლის განმავლობაში, ნაკრებში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. დღეს ის, იდეალური მენტალიტეტით იყო და ბრწყინვალე სამუშაო გასწია.

რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე არიან ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურად არ შეთამაშებულან, საერთო სურათი შთამბეჭდავი არაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეთა დამოკიდებულება და მათი ღირებულებები იყო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სექტემბერშიც ჩვენთან იქნებიან, სხვებს შედარებით მცირე შანსი აქვთ, მაგრამ 3 დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და კვირას, შანსს მიიღებენ, რათა გვაჩვენონ, რა შეუძლიათ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან, ერთადერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ქუთაისში (8 ივნისს, 20:00) კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელზეა კვარა CIES-ის რეიტინგში
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელზეა კვარა CIES-ის რეიტინგში