„ვისაც წასვლა სურს, წავიდეს“ - გუარდიოლას მინიშნება ედერსონზე
„ვულვზისთან“ (0:4) სტუმრად მოგებულ ინგლისის პრემიერლიგის I ტურის შეხვედრაში ედერსონი „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში არ იყო, რამაც როგორც „ქალაქელების“ გულშემატკივრებს შორის, ასევე მედიის წარმომადგენლებში ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ისედაც რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები 33 წლის ბრაზილიელი მეკარის შესაძლო წასვლის თაობაზე და მისმა უთამაშებლობამ ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, მასთან დაკავშირებით შეკითხვა კლუბის მთავარ მწვრთნელს პეპ გუარდიოლას დაუსვეს, რომლისგანც ასეთი პასუხი მიიღეს:
„დღეს ინფორმაცია არ მაქვს, გუშინ კი ცუდად გამოიყურებოდა და როდესაც მისი მდგომარეობით დავინტერესდი, მითხრა, რომ გასტროენტერიტი აწუხებდა. ამის შემდეგ სპორტულ დირექტორ უგო ვიანასთან ჰქონდა კონტაქტი და უფრო მეტი რამ მას ეცოდინება. ჩემი პოზიცია მსგავს თემებთან დაკავშირებით „ბარსელონაში“ მუშაობის დროსაც ასეთი იყო და არც ახლა შეცვლილა - ვისაც წასვლა სურს, წავიდეს“.
ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით ედერსონის დამატება „გალათასარაის“ სურს და მანჩესტერელებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. ბრაზილიელი გოლკიპერი „სიტის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.