ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

აგუეროს გაუსწრო - ჰოლანდის მორიგი რეკორდი

„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა „პარი სენ-ჟერმენთან“ (2:4) წაგებულ საშინაო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, თუმცა ყველა მომენტი რომ გამოეყენებინა, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას შეექმნა, მისი შედეგიანობა გაცილებით მაღალი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჰოლანდისთვის დღევანდელი თამაში ერთი მიზეზის გამო იქნება დასამახსოვრებელი.

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაში „ქალაქელების“ მაისურით 37-ე და 38-ე ბურთები გაიტანა, რითაც სერხიო აგუეროს (37) გაუსწრო და ამ ტურნირზე მანჩესტერული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „სიტიში“ გადაბარგებამდე ერლინგი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჯერ „ზალცბურგის“, შემდეგ კი „დორტმუნდის“ მაისურითაც ასპარეზობდა და საერთო ჯამში ლიგაზე მართლაც რომ ფენომენალური სტატისტიკა აქვს, რადგან მის ანგარიშზე 60 თამაშში 61 გოლია.

ცნობისათვის, ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 13 შეხვედრაში 13 გოლით გამოიჩინა თავი. მომდევნო შეხვედრას „ქალაქელები“ უკვე ინგლისის პრემიერლიგაში გამართავენ და 17 ოქტომბერს „იფსვიჩ თაუნს“ უმასპინძლებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სიგიჟე ოლიმპიკოზე - რეალის მორიგი ქამბექი ჩემპიონთა ლიგაზე
    სიგიჟე ოლიმპიკოზე - რეალის მორიგი ქამბექი ჩემპიონთა ლიგაზე