პსჟ-ის მე-9 მოგება ბოლო 12 მატჩში ინგლისელებთან - კვარაცხელიამ ცვლილებაზე ითამაშა
ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას „ეტიჰად სთედიუმმა“ უმასპინძლა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო და 2:4 დამარცხდა. პარიზული კლუბისთვის ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები იოლად დასაძლევი ბარიერი არიან - პრემიერლიგის გუნდებთან ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან პსჟ-მა მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, 3 ფრე ითამაშა და ერთხელაც არ დამარცხებულა.
„სენ-ჟერმენის“ ესპანელმა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მსგავსად, სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელია ამჯერადაც თადარიგში დატოვა და წინ დემბელე-აკლიუში-დუეს ტრიო განამწესა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ენრიკემ პირველ ნახევარში იტალიელ ვიზავის ენცო მარესკას ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო, პარიზელებმა მანჩესტერელთა კარში სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და „სიტი“ მოშლილ მანქანას დაამსგავსეს. თავდაპირველად ორწუთიან მონაკვეთში „ქალაქელების“ კარი ჯერ დეზირე დუემ თავად აიღო, ხოლო შემდეგ მისი ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით უსმან დემბელემ გაიტანა. 32-ე წუთზე კი „სენ-ჟერმენის“ ბრწყინვალე კომბინაცია უზუსტესი დარტყმით ვიტინიამ დააგვირგვინა.
შესვენების შემდეგ მარესკამ თამაშში სამმაგი ცვლილებით დაიწყო და შეხვედრაში ილიმან ნდიაე-მატეუშ ნუნიეში-აიუბ ბუადის ტრიო ჩართო. სწორედ ნდიაეს ჩაწოდების შემდეგ ერლინგ ჰოლანდმა თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. თითქოს ინგლისელებმა რაღაც შანსი დაიბრუნეს, მაგრამ ისინი ჯანლუიჯი დონარუმამ დააღალატა, რომელმაც მაგნეს აკლიუშის დარტყმა ხელებში ვერ შეიმაგრა და სამბურთიანი სტატუს-კვო აღდგა. 75-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა და სიტუაცია დაძაბა, თუმცა მეტის გაკეთება მანჩესტერელებმა ვეღარ მოახერხეს. მეტსაც გეტყვით, ბოლო წუთზე „სენ-ჟერმენს“ მეხუთეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ნუნუ მენდეშის მოპოვებული 11-მეტრიანი ფერან ტორესმა საშინლად შეასრულა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ცვლილებაზე 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე დუეს ნაცვლად და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული, თუმცა ერთ მომენტში კარგად წაიღო ბურთი და ბოლო მომენტში დარტყმა არ გამოუვიდა.ხვიჩას 24 წუთში საკვანძო გადაცემა არ შეუსრულებია, ბურთს 10-ჯერ შეეხო და სახიფათო მომენტი 3-ჯერ განმუხტა.
ცნობისათვის, ორ ტურში დაგროვებული 6 ქულით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის სატურნირო ცხრილს ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე ლიდერობს. მომდევნო ტურში პარიზელები „ბარსელონას“ უმასპინძლებენ, „სიტი“ კი საბერძნეთის „აეკს“ მიიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს