გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, მონცა
Aa
Aa

გამარჯვების გოლი მონცასთან - კვერნაძემ ფროზინონეს მოაგებინა

იტალიის თასის 1/32 ფინალში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი მატჩში 59-ე წუთიდან ჩაერთო და სასიამოვნოა, რომ შეხვედრის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც მისმა გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, ფრანჩესკო გელიმ საჯარიმოში ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ ბურთი ქართველ ფეხბურთელს გადასცა და კვერნაძესაც ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

საგულისხმოა, რომ გიორგი კვერნაძესთვის ეს გოლი იტალიურ კარიერაში მე-4 იყო. „ფროზინონე“ მომდევნო ეტაპზე „კალიარის“ დაუპირისპირდება. მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი ქართველი შემტევის გუნდი სერია B-ში 4 შეხვედრას გამართავს. უახლოესი მატჩი 24 აგვისტოს, საკუთარ კედლებში „აველინოს“ წინააღმდეგ არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები