„გოგა და მამუ საუკეთესო ევრობასკეტს ჩაატარებენ“ - ხოშტარია სანაკრებო ამბებზე
ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკვე ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხივეში დამარცხდა, რის გამოც ბევრი ქართველი გულშემატკივარი კონტინენტის პირველობის დაწყებამდე სკეპტიკურად განეწყო. ასეთი განწყობა ნამდვილად არ აქვს ვეტერან კალათბურთელს ირაკლი ხოშტარიას, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შანსებზე დეტალურად ისაუბრა.
ირაკლი ხოშტარია
მესმის, რომ გულშემატკივარი ეროვნული ნაკრებისგან როგორც ოფიციალურ, ასევე ამხანაგურ შეხვედრებში გამუდმებით გამარჯვებას ითხოვს, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ექსპერიმენტები სხვაგან სად უნდა ჩაატაროს, თუ არა საკონტროლო მატჩებში? გარდა ამისა, ყველა კალათბურთელი სათანადო ფორმაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ დროა დარჩენილი და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ჯგუფი ურთულესია - სამი გრანდის შესახებ საუბარი ზედმეტია. ბოსნიის ნაკრებში თითქოს არეულობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გუნდი ნურკიჩის ფაქტორიდან გამომდინარე ყველასთვის საშიში მეტოქეა და იოლად არაფერს დათმობს. საბერძნეთის ნაკრებს ამხანაგურ თამაშებში აშკარად ეტყობა არასასურველ ფორმაში ყოფნა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდი მთავარი ანტენტოკუმპოს გარეშე თამაშობდა.
ესპანეთის ნაკრები ალბათ ძალიან ძლიერია, მაგრამ მე რასაც ვუყურე თამაშებს, ამჟამად ყველაზე კარგ ფორმაშია სერბეთია და ჩემი აზრით, ევრობასკეტის მთავარი ფავორიტი იქნება. ისიც სათქმელია, რომ ზოგიერი გუნდი რესურსს ახლა ბოლომდე არ იყენებს და ტურნირის დაწყებამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
ყველას კარგად ახსოვს წინა ევრობასკეტი, როდესაც გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს NBA-დან ევროპულ კალათბურთზე გადმოწყობა გაუჭირდათ, მაგრამ ახლა მოსამზადებლად უფრო დიდი დრო ჰქონდათ და მჯერა, რომ გოგა და სანდრო საუკეთესო სანაკრებო თამაშებსა და საუკეთესო ევრობასკეტს ჩაატარებენ.
რა არის პრობლემები და გამოსასწორებელი? პერიმეტრიდან სროლები ისევ გვიჭირს, თუმცა არის გარკვეული მატჩები, რის კომპენსირებასაც ფარქვეშ კარგი თამაშით ვახდენთ. ბოლდუინიც მოასწრებს ფორმაში შესვლას, ასევე გვყავს დუდა სანაძეც და იმედია სამქულიანებს უკეთესი პროცენტულობით ვისვრით.
21 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩეხებთან ჩაატარებენ, ხოლო ევრობასკეტს 28 აგვისტოს, კონტინენტის პირველობის მოქმედ ჩემპიონებთან, ესპანელებთან თამაშით დაიწყებენ.