ეფექტური გოლების ფონზე - იბერიამ გორში დილა გაანადგურა
Aa
Aa

ეფექტური გოლების ფონზე - იბერიამ გორში დილა გაანადგურა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXI ტურის ცენტრალური შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. „იბერიას“ გამარჯვება შიდა პირველობაზე არც ერთ მეტოქესთან გასაკვირი არ არის, მაგრამ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორში, ადგილობრივ „დილას“ 6:0-ს დაამარცხებდა. მატჩი ტაბატაძეების ბენეფისად იქცა - როგორც იურიმ, ასევე გიორგიმ თამაში დუბლითა და ერთი ასისტით დაასრულეს. არაჩვეულებრივი თამაში ჰქონდა „იბერიას“ კაპიტანსაც - გიზი მამაგეიშვილმა 1 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ისიც სათქმელია, რომ თბილისელებმა ერთი მეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი გიორგი ტაბატაძის მეორე ბურთი გახლდათ, რომელიც ულამაზესი კომბინაციის შედეგად გავიდა. ამგვარად, Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა, ხოლო გია გეგუჩაძემ დედაქალაქური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ტორპედომ“ გულშემატკივარს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუა და „შენგელია არენაზე“ ქულები იმ „თელავთან“ დაკარგა, რომელიც 31-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყო. არბიტრმა ზღვარგადასული უხეშობის გამო, წითელი ბარათი მიხეილ ბაშელეიშვილს უჩვენა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ კომნენ ანდრიჩს კარგი პასი მიაწოდა საბა კვერკველიამ და სერბმა ფორვარდმა ყველაფერი კარგად შეასრულა. თუმცა, ასისტის ავტორი კვერკველია მალევე ანტიგმირად გადაიქცა - გამოცდილმა მცველმა უწყინარ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და ტატო ჟივიძემ წონასწორობა აღადგინა.

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი „დინამო ბათუმი“ საკუთარ სტადიონზე „გაგრასთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლები მე-17 წუთზე ახალგაზრდა ლევან ხოზრევანიძემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მესამე ტურში შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ჯერ 32-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 84-ეზე პედრო ბორჟესმა გამარჯვების ბურთი გაიტანა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXI ტური ხვალ წყალტუბოში, „სამგურალი“ – „გარეჯის“ შეხვედრით დასრულდება. ოცდაერთი ტურის შემდეგ გათამაშების სატურნირო ცხრილს „იბერია“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „დილას“ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მორჩილაძის დუბლი - თბილისის დინამომ სტუმრად კოლხეთს მოუგო
მორჩილაძის დუბლი - თბილისის დინამომ სტუმრად კოლხეთს მოუგო