სამგურალის დირექტორი: „კლუბების მმართველობით რგოლში ყველაფერი წესრიგშია, საერთო საქმეს ვემსახურებით“
Aa
Aa

სამგურალის დირექტორი: „კლუბების მმართველობით რგოლში ყველაფერი წესრიგშია, საერთო საქმეს ვემსახურებით“

სანაკრებოსგან განსხვავებით, ქართული საკლუბო ფეხბურთი ჯერჯერობით ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ყველა ერთხმად აღნიშნავს - სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ საჭიროა კრიზისიდან გამოსვლის გზები ყველამ ერთად ეძებოს და ბევრი აზრიდან საუკეთესო შეირჩეს. ვითარება კიდევ უფრო გაართულა ევროტურნირებზე Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენლების წლევანდელმა უფერულმა ასპარეზობამ და მართალია „სამგურალს“ იქ არ უთამაშია, თუმცა პრობლემებზე საუბრისას ქართულ ფეხბურთში ჩართული ნებისმიერი ფუნქციონერის აზრი საყურადღებოა. წყალტუბოს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვერიძემ Crystalsport-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვიცი, ამ ბოლო დროს ჩამოყალიბდა მოსაზრება, თითქოს საქართველოს ყველა კლუბის მმართველობით რგოლში პრობლემებია და ჩვენ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ვართმევთ. საკუთარ თავზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც „სამგურალის“, ასევე დანარჩენი კლუბების ხელმძღვანელები მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ და საერთო საქმეს ვემსახურებით საიმისოდ, რომ წინ წავიდეთ.

ბევრი ამბობს, რომ ისეთი ქვეყნის კლუბებთან ვმარცხდებით, რომ პრობლემა მხოლოდ ფინანსებში არ არის. ამასწინათ ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ „პიუნიკთან“ და იცით, რამდენია ამ სომხური კლუბის ბიუჯეტი, იმდენად დიდი, რომ ქართულ გუნდებს არცკი დაესიზმრებათ. ამიტომაც ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდი ფულია საჭირო და განვითარება აუცილებლად მოვა.

არცკი ვიცი რა მოხდებოდა, რამდენიმე წლის წინ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ არ შექმნილიყო. ალბათ ვერც ქართულ ფეხბურთზე ვისაუბრებდით და აღარც საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდებოდა. ფონდის მიერ გამოყოფილი თანხით უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა. ჩვენს მაგალითზე გეტყვით - ზესტაფონში რომ გვიწევდა სავარჯიშოდ და სათამაშოდ სიარული, ახლა წყალტუბოში მეოთხე კატეგორიის სტადიონი გვაქვს და ამით ყველაფერია ნათქვამი“.

ოც ტურში დაგროვებული 22 ქულით „სამგურალი“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო, რიგით XXI ტურში წყალტუბოს კლუბი საკუთარ სტადიონზე „გარეჯს“ უმასპინძლებს და ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება საგარეჯოელების დამრიგებლისთვის, გიორგი მიქაძისთვის, რომელიც ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მის განცხადებებს არ ვეთანხმები, მაგრამ მადლობა ეკუთვნის“ - ჭიაბრიშვილმა კერესელიძეზე ისაუბრა
„მის განცხადებებს არ ვეთანხმები, მაგრამ მადლობა ეკუთვნის“ - ჭიაბრიშვილმა კერესელიძეზე ისაუბრა