ოთარ გაბელია: „ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანას ახალგაზრდების დაწინაურება სჯობს“
ევროტურნირებზე საქართველოს საფეხბურთო კლუბების წლევანდელი ფიასკო ჯერ კიდევ სალაპარაკო თემად რჩება. ბუნებრივია, მეტოქეებიდან და იმ შესაძლო მოწინააღმდეგებიიდან გამომდინარე, რომელთაც Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდები არსებული ბარიერების დაძლევის შემთხვევაში უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდებოდნენ, იყო დიდი იმედი იმისა, რომ იმ მოჯადოებულ წრეს ამჯერად მაინც გავარღვევდით, რომლის ირგვლივაც წლებია ვტრიალებთ და საშველი ჯერჯერობით არ ჩანს.
კრიზისისა და წარუმატებლობის დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანების აზრის მოსმენა. ბუნებრივია მათ შორისაა, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ოთარ გაბელია, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთზე ისაუბრა.
ოთარ გაბელია
ევროტურნირებზე საქართველოს წარმომადგენლების ასეთი სუსტი გამოსვლა რამ გამოიწვია? ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ზუსტი მიზეზის დადგენა მიჭირს. მოწინააღმდეგეებიც წელს აშკარად არ გვყავდა ისეთი, რომ ჩვენი კლუბებისგან გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა არ მოგვეთხოვა.
ერთ რამეს ვიტყვი ყველას გასაგონად - არ შეიძლება ასეთი დაბალი დონის უცხოელი ფეხბურთელების ჩამოყვანა და თუ აპირებენ განაგრძონ მსგავსი ხარისხის ლეგიონერების მიყვანა, ყველა კლუბს ვურჩევდი, მათ ნაცვლად ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები დააწინაურონ, რათა მათ საბოლოოდ გაუქრეთ იმის შეგრძნება, რომ სამშობლოში არავინ ენდობა და უცხოეთში კარიერის გაგრძელება სჯობს.
რისი ბრალია ეს ყველაფერი? წარმატება ალბათ უფრო მეტად ფინანსებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ გახლავთ. „ტორპედოში“ დიდი ფული ჩაიდო და წესით ამ გუნდს უფრო კარგი შედეგი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ აქაც უცხოელი ფეხბურთელების ხარისხთან იყო პრობლემა და მიზანიც ამიტომ დარჩა მიუღწეველი. ყველაზე მეტად იმედები მაინც „იბერიამ“ გამიცრუა, რადგან არ იყო „ლევადია“ იმ დონის კლუბი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება სანაკრებო ამბებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მჯეროდა და იგივე განწყობა მაქვს მსოფლიოს პირველობასთან დაკავშირებითაც. სექტემბრის მატჩებში გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული და თურქებთან გამარჯვების დიდი იმედი მაქვს.
ცნობისათვის, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ მეკარეს ოთარ გაბელიას კარიერის განმავლობაში თითოჯერ უეფას თასების მფლობელთა თასი (1981), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978) და საბჭოთა კავშირის თასი (1978) აქვს მოგებული, ხოლო 1979 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო გოლკიპერად აღიარეს.