კობა ჟორჟიკაშვილი
Aa
Aa

„ამდენი წელია სწორი ანალიზი არ კეთდება“ - ჟორჟიკაშვილი მორიგ ევროფიასკოზე

ევროტურნირებზე გამოსვლის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა სპეციალისტების მხრიდან საქართველოს საფეხბურთო კლუბების თამაშის შეფასება მუდამ საინტერესო მოსასმენია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ლამის ტრადიციად ჩამოყალიბდა ის ფაქტი, რომ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლები ევროპულ თავგადასავლებს ივლისში ამთავრებენ და ჯგუფურ ეტაპს ვინ ჩივის, ერთი საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვაც უჭირთ. რაშია წარუმატებელი თამაშის მიზეზები და შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი როგორ უნდა მოიძებნოს, ამის თაობაზე Crystalsport-თან ინტერვიუში კობა ჟორჟიკაშვილმა საინტერესოდ ისაუბრა.

კობა ჟორჟიკაშვილი

პრობლემები იმდენია, რომ მათი ჩამოსვლა შორს წაგვიყვანს. ყველაზე მეტად სადარდებელი კი ის ფაქტია, რომ ყოველწლიური რეგრესის მიუხედავად, სწორი ანალიზი არ კეთდება. არავის მოსდის თავში აზრად, რომ ყველას აზრი მოისმინოს და მივიდეთ საერთო დასკვნამდე, თუ რაში გვიჭირს და რაში გვჭირდება მომატება.

მოვიკოჭლებთ ფიზიკურ კონდიციებში, სპრინტებში უჭირს თითქმის ყველა კლუბის ფეხბურთელს და ლეგიონერების თემა ცალკე სათქმელია. არსებობენ გუნდები, რომელთაც 15 უცხოელი მოთამაშე ჰყავთ ჩამოყვანილი და ნახევარზე მეტი სათადარიგო სკამზე უზით. რისთვის ჩამოჰყავთ? მე საქართველოში მაღალი კლასის ლეგიონერი სამი, მაქსიმუმ ხუთი თუ მახსოვს. ესენი იყვნენ „დინამო თბილისის“ ფეხბურთელები, დიდიე ოვონო, ნედ ზელიჩი და ჩისკო მუნიოსი, სხვებს თავი არაფრით გამოუჩენიათ.

უამრავი ლაფსუსია მართვის სისტემაში - კლუბის პრეზიდენტები ამდენი ხანი ვერ ჩამოყალიბდნენ, ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა სურთ, თუ ფეხბურთელების სარფიან ფასად გაყიდვა. ამ ყველაფრის პარალელურად, სეზონში სამი-ოთხჯერ იცვლება მწვრთნელი და ეს ნორმალურად გეჩვენებათ? გარდა ამისა, არის ბაზების პრობლემაც. არც ერთ კლუბს არ აქვს ნორმალური სავარჯიშო ბაზა და მათ შორის არც „დინამო თბილისს“.

რატომ უნდა გვიგებდეს „ლევადია“? იმიტომ, რომ ამ კლუბის პრეზიდენტმა ზუსტად იცის რა უნდა და რას აკეთებს, იმიტომ, რომ ტალინელებს ყველა ქართულ კლუბზე უკეთესი ბაზა აქვთ და უკეთესი ლეგიონერები ჰყავთ. როდესაც ესტონეთის მსგავსი არასაფეხბურთო ქვეყანა ამდენ ასპექტში გჯობნის, უნდა დაფიქრდე და სწორი დასკვნები გააკეთო.

არ მინდა ზედმეტად ნეგატიურად გამომივიდეს, მაგრამ ყოველწლიურად უკან და უკან მივდივართ. პირადად მე საქართველოს წარმომადგენელი რუსთავის „მეტალურგის“ სახით ევროტურნირებზე ბოლოს რომ ვათამაშე, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტეუტას“ ორ მატჩში 9 გოლი გავუტანეთ. გახსოვთ, ბოლოს რომელმა ქართულმა გუნდმა გაიტანა ევროტურნირის ერთი რაუნდის ორ მატჩში ცხრა გოლი?!

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს საფეხბურთო კლუბებმა საერთო ჯამში 14 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 4 მოიგეს, 2 ფრედ დაამთავრეს და 8 წააგეს, ბურთების შეფარდება 16:30-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თენგიზ სულაქველიძე: „ასეთ ლეგიონერებს აკადემიის ფეხბურთელები დღესვე აჯობებენ“
თენგიზ სულაქველიძე: „ასეთ ლეგიონერებს აკადემიის ფეხბურთელები დღესვე აჯობებენ“