გიორგი შაშიაშვილი
Aa
Aa

გიორგი შაშიაშვილი: „მალტა და ესტონეთი გვჯობნის, აქ საქმე ფინანსებში აღარაა“

საქართველოს საფეხბურთო კლუბების შემადგენლობაში ევროტურნირებზე თამაშის ასპექტში თუ რომელიმე ქართველ ფეხბურთელს მდიდარი გამოცდილება აქვს, მათ შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე უდავოდ გიორგი შაშიაშვილი უნდა იყოს. გიორგი იმ ფორმაციის „დინამო თბილისის“ წევრი იყო, რომელიც დღემდე ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ხოლო კარიერის ბოლოს ანალოგიურ მიღწევასთან ახლოს „დილაში“ ასპარეზობისას გახლდათ, თუმცა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გორელებს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ორი მატჩის ჯამში პორტუგალიის „მარიტიმუსთან“ დამარცხდნენ.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყველასთვის საინტერესოა შაშიაშვილის მოსაზრება წლევანდელ ევროფიასკოსთან დაკავშირებით. გიორგი საკმაოდ კარგი მოსაუბრეა და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არსებულ პრობლემებზე ხაზგასმას ოდნავადაც არ მოერიდა.

გიორგი შაშიაშვილი

მალტის და ესტონეთის კლუბები გვისწრებენ და ჩვენზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, რის გამოც აქ უკვე მხოლოდ ფინანსებში არ არის საქმე. 10-15 წელია უკან მივდივართ და რადგანაც რეგრესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მგონი აჯობებს მთელი საფეხბურთო სამყარო დავსხდეთ და პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ისეთი დონის მეტოქეებთან ვმარცხდებით, მართვასა და მენეჯმენტში არსებული ხარვეზები ზედაპირზე გამოდის და ამ ყველაფერს შველა სჭირდება.

კარგად მახსოვს „ზესტაფონი“ „ბრიუგეს“ რომ ვერ უგებდა, „დილამ“ „მარიტიმუს“ ვერ აჯობა და „დინამო“ „აეკთან“ დამარცხდა, დიდი ამბავი ავტეხეთ და გულშემატკივრები იმედგაცრუებულები იყვნენ. ახლა ვისთან ვაგებთ? რატომ დავწიეთ ასე დაბლა თამასა? არ მინდა ყველაფერი ლეგიონერებს დავაბრალო, მაგრამ ფაქტია, რომ მათი დონე კრიტიკას ვერ უძლებს. უცხოელი ფეხბურთელი საერთოდ არ გვყავდა, ისე შევიდა „დინამო“ უეფას თასის ჯგუფში. „დილაში“ რომ ვიყავი ლეგიონერი მხოლოდ მეკარე იყო და კინაღამ ევროპა ლიგაში გავედით. თანაც არ დაგავიწყდეთ, მაშინ კონფერენს ლიგა საერთოდ არ არსებობდა.

რისი თქმა შეიძლება? „დილამ“ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ გორელების თამაშს დაღი დაასვა იმ ფაქტმაც, რომ სამი დღის წინ თასზე „სამგურალთან“ 120 წუთი ჰქონდათ ნათამაშები. არ ვიცი, რატომ არ გადაუდეს ეს შეხვედრა, უბრალოდ ცუდია, როდესაც ერთი ქართული კლუბი ვერ ხვდება იმას, რომ მეორის წარმატება ჩვენი ქვეყნის საერთო წარმატება იქნება.

„ტორპედო“ კარგი იყო „ომონიასთან“ პირველ შეხვედრაში, „იბერიას“ კი აშკარად არ გაუმართლა, თუმცა უიღბლობა ალბათ იმ გუნდებს სდევს თან, რომლებიც რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ. „სპაერზე“ ვერაფერს ვიტყვი, ამ გუნდს ვერ მოვთხოვთ ამ ეტაპზე ვერაფერს, რადგან „აუსტრიას“ სახით ალბათ ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავდა.

ცნობისათვის, საკლუბო წარმატებების პარალელურად, გიორგი შაშიაშვილს საქართველოს ეროვნულ გუნდშიც კარგი მატჩები აქვს ჩატარებული - 32 სანაკრებო შეხვედრიდან 23 ძირითადში დაიწყო და ერთი გოლიც გაიტანა, თანაც იტალიასთან, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის კარში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიდლსბროდან (U23) იბერიაში | საქართველოს ჩემპიონი ლეგიონერით გაძლიერდა
მიდლსბროდან (U23) იბერიაში | საქართველოს ჩემპიონი ლეგიონერით გაძლიერდა