თენგიზ სულაქველიძე: „ასეთ ლეგიონერებს აკადემიის ფეხბურთელები დღესვე აჯობებენ“
საქართველოს საფეხბურთო გუნდებისთვის ევროტურნირები ისევ ივლისში დასრულდა, რაც კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქართული საკლუბო ფეხბურთი. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების სუსტი გამოსვლა განსაკუთრებით მტკივნეული საყურებელია იმ ლეგენდებისთვის, რომელთაც ევროასპარეზზე სერიოზული წარმატებისთვის აქვთ მიღწეული და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა თენგიზ სულაქველიძე, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდების მორიგ კრახს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
„საწყენია, ძალიან საწყენია, როდესაც საქართველოს ოთხივე წარმომადგენელი ერთსა და იმავე ეტაპზე ასრულებს ევროტურნირებზე გამოსვლას. განსაკუთრებით გული დამწყდა „იბერიაზე“, რომელსაც ნამდვილად შეეძლო „ლევადიას“ ბარიერის დაძლევა და „ტორპედოზეც“, რომელმაც ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.
ვერ ვხვდები, სად პოულობენ და რატომ ჩამოჰყავთ ასეთი სუსტი ლეგიონერები, რომელთაც ნებისმიერი საფეხბურთო აკადემიის მოზარდი ფეხბურთელებიც კი ახლავე აჯობებენ. ასეთ მიდგომას არ სჯობს ნდობა ახალგაზრდებს გამოუცხადებენ და ამით ნათელი მომავლის გარანტიას მაინც შეიქმნიან.
გამოცდილი მოთამაშეების გვერდით პატარა ფეხბურთელები თუ არ გაიზარდნენ, სხვანაირად ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება. ვინმეს თუ ჰგონია, ჩვენ სხვა გზა გამოვიარეთ, ძალიან ცდება. 18 წლის ბიჭები ვიყავით მე, თამაზ კოსტავა, ზაურ სვანაძე და რამაზ შენგელია, როდესაც ნდობა გამოგვიცხადეს და გაცემული ავანსები გავამართლეთ. ასე რომ, მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, უცუდესი ხარისხის ლეგიონერების ჩამოყვანის ნაცვლად, აქცენტი ახალგაზრდების დაწინაურებაზე გააკეთონ“.
ცნობისათვის, წლევანდელი ფიასკოს შემდეგ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მომდევნო ზაფხულიდან საქართველოს სახელით ევროტურნირებზე ოთხის ნაცვლად სამმა კლუბმა ითამაშოს.