პირველი დიდი სამეულის შემდეგ - სინერის მორიგი მიღწევა
იანიკ სინერს ოდნავადაც არაფერი ეტყობა იმისა, რომ დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებული ამბების გამო, 3-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ის კორტებს ძველებური ხარისხის ჩოგბურთით დაუბრუნდა და მაღალი დონის დემონსტრირებას განაგრძობს. თავდაპირველად იტალიელმა უიმბლდონის ფინალში კარლოს ალკარასს აჯობა და როლან გაროსზე განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო, ახლა კი ასეთივე დამაჯერებლობით გამოსვლას სხვა შეჯიბრებებზეც აგრძელებს.
23 წლის იტალიელი გახდა პირველი ჩოგბურთელი ლეგენდარული „დიდი სამეულის“ (როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი) შემდეგ, რომელიც მასტერსის კატეგორიის ტურნირების მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდა. ამის გაკეთება სინერმა ცინცინატიში, რომლის მოქმედი გამარჯვებულიცაა, მეოთხე წრეში 37 წლის ფრანგი ჩოგბურთელის ადრიან მანარინოს დამარცხების შედეგად მოახერხა, ხოლო მისი მომდევნო მეტოქე 25 წლის კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება.
ცნობისათვის, როლან გაროსი ერთადერთი დიდი სლემის ტურნირია, რომელიც იანიკ სინერს არასოდეს მოუგია. ავსტრალიის ღია პირველობაზე მან ორჯერ (2024, 2025) გაიმარჯვა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონობა უიმბლდონზე (2025) და ამერიკის ღია პირველობაზე (2024) იზეიმა.