„ასე თუ განაგრძეს, ამას აუცილებლად გააკეთებენ“ - ციციპასი ალკარასი-სინერზე
ყველა აღიარებს, რომ საჩოგბურთო სამყაროში ახლა კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის ეპოქა დგება, რომლებიც როგორც დიდი სლემის ტურნირებზე, ასევე მასტერსის შეჯიბრებებზე დომინირებენ და თითქმის ყველგან გამარჯვებულის ვინაობა მათ შორის გასამართ ფინალებში ირკვევა. რამდენად აღემატებიან დანარჩენ მოთამაშეეებს და რამდენი ჯილდო ექნებათ კარიერის დასრულების შემდეგ ესპანელ და იტალიელ ჩოგბურთელს, ამის თაობაზე ბერძენმა მოთამაშემ სტეფანოს ციციპასმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„კარგი პროგნოზისტი არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ ვიტყვი იმას, რასაც საკუთარი თვალებით ვხედავ. იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი კიდევ ბევრ დიდი სლემის ტურნირს მოიგებენ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ თითოეულ მათგანს ასეთ შეჯიბრებზე მინიმუმ 10 ჯილდო ექნება, მინიმუმ ათი.
მომწონს მათი სათამაშო სტილი, რომელიც განსხვავებული და უნიკალურია. ალკარასი უფრო დინამიური, კრეატიულია და კორტზე გაცილებით ხალისიანად თამაშობს, ხოლო სინერი რობოტივით სტაბილურია და მუდამ ასი პროცენტით კონცენტრირებული“.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასს როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა ორ-ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო იანიკ სინერმა ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა, თითოჯერ კი ჩემპიონობა უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე არავის დაუთმო.