„კარიერა მეორედ დავიწყე“ - რაში დახარჯა ვაშერომ საპრიზო თანხა
ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართული საჩოგბურთო მასტერსი სენსაციური შედეგით დასრულდა. 26 წლის ვალენტინ ვაშერომ, რომელიც ტურნირის დაწყებამდე ATP-ის რეიტინგში 204-ე პოზიციას იკავებდა, ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო ფინალში თავისი ბიძაშვილი არტურ რინდერკნეხი სამ სეტში დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რაში დახარჯავს, ან უკვე დახარჯა, შანხაის მასტერსის მოგებისთვის მიღებული ფული, ამის თაობაზე ვაშერომ ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სიმართლე გითხრათ, ტურნირის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც, რაზეც ყველაზე ნაკლებს ვფიქრობდი, ეს საპრიზო ფონდი იყო. მშობლებს უკვე ვუთხარი: ან ახლა, ან არასოდეს - მე მათ დავუჯავშნი მელბურნის ბილეთებს, რათა ჩამოვიდნენ და ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემს თამაშებს დაესწრონ.
ფულს ძირითადად, ახლობლების ავსტრალიაში წამოყვანაში დავხარჯავ და რა თქმა უნდა, უფრო მეტად სამწვრთნელო შტაბის წევრების ჩაყვანაზე ვიზრუნებ. კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, შანხაიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, მეორედ ჩემს ცხოვრებაში ბიზნეს-კლასით ვიმგზავრე, საოცრად კარგი იყო (იცინის). თავს ისე ვგრძნობ, თითქოს კარიერა ხელახლა, მეორედ დავიწყე“.
ცნობისათვის, ვალენტინ ვაშერომ, რომელსაც აქამდე მთელი კარიერის განმავლობაში 594 ათასი დოლარი ჰქონდა გამომუშავებული, შანხაის მასტერსის მოგებით მილიონ 124 ათასი დოლარი მიიღო.