16-წლამდელთა ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ისრაელის დამარცხების შემდეგ ჩვენი გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მატჩი 50:65 დათმო.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 16:13 მოიგო. მეორე მეოთხედი დაბალშედეგიანი გამოდგა და გუნდებმა 21 ქულა ჩააგდეს, რის შემდეგაც დიდ შესვენებაზე ორი ქულით ვიგებდით - 26:24.
მესამე პერიოდის სტარტზე საბერძნეთი უკეთ გამოიყურებოდა და 13:0 გაიქცა, მეოთხედი კი 22:12 მოიგო. გადამწყვეტ ათწუთეულში ჩვენი ბიჭები გარდატეხის შეტანას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მე-11 ადგილისთვის ბრძოლაში რუმინეთს დაუპირისპიდებიან.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო საბა პატაშური იყო, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. პატაშურის გარდა, 10-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს. დავით ტრაპაიძესა და სანდრო შერვაშიძეს 7-7 ქულა ჰქონდათ, ხოლო ლუკა ფოჩხუამ 6 ქულა დააგროვა.