„ნამდვილი ბრილიანტი საქართველოდან“ - ლა როშელმა ნინიაშვილი წარადგინა
საქართველოს ნაკრებისა და მთლიანად მსოფლიოს რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დავით ნინიაშვილი „ლა როშელმა“ ოფიციალურად წარადგინა. 23 წლის ფულბეკი რომ კარიერას ამ კლუბში განაგრძობდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა მან გასული სეზონი „ლიონში“ ჩაამთავრა და მაქსიმალურად შეეცადა, რომ რონისპირულ კლუბს ტიტულით დამშვიდობებოდა, თუმცა ის და მისი თანაგუნდელები ევროპის ჩელენჯ თასის ფინალში დამარცხდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ მე-15 ნომერმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტს ვრცელი კომენტარი მისცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
დავით ნინიაშვილი
საფრანგეთის უძლიერეს ლიგაში ასპარეზობის საშუალება კარიერის დასაწყისში „ლიონმა“ მომცა და ამ კლუბის მადლიერი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. ახლა გადავწყვიტე კარიერა განვაგრძო ევროპის ორგზის ჩემპიონ გუნდში, რომელიც მიზნად კიდევ უფრო მეტი ტიტულების მოგებას ისახავს.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ზურგზე რა ნომერი მეწერება და რომელ პოზიციაზე მომიწევს თამაში - მთავარი „ლა როშელს“ სარგებელი მოვუტანო და ეს ყველაფერი ძალიან გამიადვილდება, რადგან ამ კლუბს ჰყავს იმდენად მაგარი გულშემატკივარი, რომ მათი თანადგომით ყველაფერი მარტივია.
როდესაც „ლიონში“ ამ არენაზე მიწევდა ასპარეზობა, „ლა როშელის“ ფანების სამაგალითო გულშემატკივრობით გაოცებას ვერ ვმალავდი და მიხარია, რომ ახლა მათი ოჯახის წევრი ვარ.ადაპტაცია ნამდვილად არ გამიჭირდება, რადგან „ლა როშელის“ მორაგბეების უმრავლესობას კარგად ვიცნობ. ქალაქი დამათვალიერებინეს ნიკოლოზ სუთიძემ და ალექსანდრე ქუნთელიამ - ასე რომ მოწყენის საშუალება არ მქონია.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ „ლა როშელის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ქართველი ახალწვეულის შესახებ ეწერა ასეთი სიტყვები: „ნამდვილი ბრილიანტი საქართველოდან“, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა მასშტაბის მორაგბეა დავით ნინიაშვილი, რომელსაც საქართველოს ნაკრების რიგებში გამართულ 42 შეხვედრაში 107 ქულა აქვს დაგროვებული და 14 ლელო აქვს დადებული.