„სუსტებთან გამარჯვებას ძლიერებთან მარცხი გვირჩევნია“ - კაჭარავამ სიახლეები დააანონსა
ბოლო პერიოდში ქართული რაგბისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის გარშემო სასაუბრო ძალიან ბევრი დაგროვდა. დიდი ხმაური გამოიწვია დოპინგ-სკანდალმა, რომელიც 2022-2023 წლებში მომხდარ ამბებს შეეხებოდა, თუმცა მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ყველაფერი დეტალურად რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ ფინალამდე ორიოდე დღით ადრე გაასაჯაროვა, რამაც ბუნებრივია ბორჯღალოსნების ასპარეზობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.
რით იყო განპირობებული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის დაკარგვა და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამის თაობაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა.
დავით კაჭარავა
დოპინგის თემა რა თქმა უნდა აზიანებს და დააზიანა ქართული რაგბის რეპუტაცია. გარდა ამისა, ჩვენ დავკარგეთ წამყვანი მორაგბეები და ამ ამბავმა გუნდის შიდა სამზარეულოში არსებულ განწყობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. 2022-2023 წლებში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით გამოძიება დიდხანს მიმდინარეობდა და WADA-სთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით, თუმცა საჯარო განცხადებების გაკეთება კატეგორიულად გვქონდა აკრძალული.
ერთი რამ დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას ვამკაცრებთ და ამ ყველაფრის პრეზენტაციას პროექტის სახით უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ვეცდებით ყველა მოთამაშეს ავუხსნათ, რამდენად დამაზიანებელი იქნება მათთვის, თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდებიან.
მსოფლიო რაგბის მიერ ახალი ტურნირის შემოღება ერთგვარი სიახლე იყო და ცუდი ნამდვილად არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ტესტ-მატჩებს ტურნირის ფორმა მიეცათ. თანაც, ბოლო პერიოდში სამხრეთ ამერიკაში სპორტის ეს სახეობა პროგრესირებს და მათ წარმომადგენლებთან დაპირისპირება უინტერესო ნამდვილად არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ერთი და იგივე მეტოქეებთან თამაშს ნამდვილად აჯობებს.
ცუდი ის გახლავთ, რომ მსოფლიოს გრანდებს ვეღარ შევხვდებით, თუმცა სამაგიეროდ ვიცით, რომ 2030 წელს გადათამაშება იქნება და თუ კარგად ვიასპარეზებთ, უძლიერესთა შორის მოხვედრის საშუალება მოგვეცემა. მიზნად სწორედ ის უნდა დავისახოთ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ელიტას მივუახლოვდეთ. სულ ვამბობ, რომ სუსტებთან გამარჯვებას, ძლიერებთან მარცხი სჯობს და სწორედ ამიტომ, კარგი მეტოქეები ჩვენი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცნობისათვის, ამავე გადაცემაში დავით კაჭარავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი ნაკრებს ივნისიდან შეუერთდება და სამწვრთნელო შტაბშიც სიახლე იქნება- ბორჯღალოსნებს ფიზმომზადების და დაცვის ახალი სპეციალისტები მოამზადებენ.