გამარჯვება და მესამე ადგილი - შავი ლომი ჩიტასს ურთიერთშეხვედრებში გაუთანაბრდა
საქართველოს სარაგბო კლუბმა „შავმა ლომმა“ „თბილისის თასის“ გათამაშება გამარჯვებით დაასრულა. პიერ-ანრი ბრონკანის მომზადებულმა ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სტადიონზე სამხრეთ აფრიკის „ტოიოტა ჩიტასი“ 11-ქულიანი სხვაობით, 36:25 დაამარცხეს და ამ გუნდთან გამართული რიგით მეოთხე დაპირისპირებიდან მეორეში გაიმარჯვეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი ირაკლი ქვათაძემ მიიღო, რომელმაც ორჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. „შავ ლომს“ 9 ქულა მოუტანა ლუკა ცირეკიძემ, რომლის ანგარიშზეც ერთი ლელო და ორი ზუსტი გარდასახვა იყო. სტუმართა ჩათვლის ზონა ასევე აიღეს დავით აბდუშელიშვილმა, შოთა ხელაძემ და გიორგი სპანდერაშვილმა, ხელაძის ლელო კი ზუსტად თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა.
ცნობისათვის, „შავმა ლომმა“ სამშობლოში გამართული სამი მატჩიდან ორი მოიგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. ეს ტურნირი ჩვენი გუნდისთვის ევროპის ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა, სადაც ქართველი მორაგბეები „ვანს“, „ოსპრეისს“, „ედინბურგს“, „ტულონსა“ და „ჰარლექუინსს“ დაუპირისპირდებიან.