გორგაძე მშობლიურ ქალაქში - კაპიტანმა უნიკალური აკადემია მოინახულა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე რუსთავში „მენაფირის“ სკოლას ესტუმრა. გორგაძე სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. „მენაფირის“ სკოლა-აკადემია საქართველოში პირველია, სადაც რაგბის გაკვეთილები ტარდება და სპორტის ეს სახეობა სასკოლო საგნად არის შეტანილი. პროექტის მხარდაჭერი რაგბის კლუბი „შავი ბასტიონებია“ და აკადემიაში 350 მოსწავლე სწავლობს.
აკადემიაში ყველა კლასში, ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით, ტარდება რაგბის გაკვეთილები, სადაც ბავშვებს რაგბის რაობას, მის ღირებულებებს, ფილოსოფიას, სიკეთეებს და სხვა ფასეულობებს ასწავლიან, სპორტის გაკვეთილებზე კი რაგბის ვარჯიშები სავალდებულოა. სამომავლოდ, გამორჩეული ნიჭის მქონე მორაგბეები სკოლაში სწავლას უსასყიდლოდ გააგრძელებენ. სკოლის მოსწავლეები, რომელთაც რაგბის უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი ექნებათ, „შავი ბასტიონების“ ასაკობრივ ჯგუფებში გადასახადის გარეშე ივარჯიშებენ. ასევე, თუ რომელიმე მოთამაშე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მოხვდება, მას უნივერსიტეტში სწავლას აკადემია დაუფინანსებს.
ცნობისათვის, ბექა გორგაძე ამჟამად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ერთა თასის საშემოდგომო ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ქართველი მორაგბეები 14 ნოემბერს, ტონგელებთან გამართავენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს