რაგბი | საქარღთველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ტონგაა
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მორიგ შეხვედრაში, ბორჯღალოსნები ტონგას 14 ნოემბერს, “ავჭალაზე” უმასპინძლებენ. თამაში 18 საათზე დაიწყება.
ერთა თასის ნოემბრის კამპანიის პირველ მატჩში, ბორჯღალოსნებმა კანადა რეკორდული სხვაობით, 59:14 დაამარცხეს და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს ოთხიდან ოთხი მოგებითა და 19 ქულით ლიდერობენ.
ტონგამ 6 ნოემბერს რუმინეთს ბუქარესტში 43:38 სძლია და საქართველოში კარგ ხასიათზე მოდის. ჯამში, ზაფხულის თამაშების გათვალისწინებით, კუნძულელებს ორი მოგება (რუმინეთთან და ზიმბაბვესთან 36:26) და ორი მარცხი (ესპანეთთან 19:32 და პორტუგალიასთან 28:32) აქვთ, 12 საცხრილო ქულა მოაგროვეს და ამერიკა-ოკეანეთის ჯგუფში სამოასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
მომავალი თამაშის წინ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას გამოცდილი მგეზავი თედო აბჟანდაძე დაემატა. გუნდი “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ინტენსიურად ემზადება და ტონგასთან ურთიერთშეხვედრებში მე-7 გამარჯვებას გეგმავს.
კანადასთან დიდი სხვაობით გამარჯვებამ, ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის რეიტინგში ვერაფერი შემატა და 73.94 ქულით მე-13 ადგილზეა. ტონგამ რუმინეთში გამარჯვებით ერთბაშად ორი საფეხურით წინ წაიწია, 65.87 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და მე-17 პოზიციაზეა.
ჩვენ და ტონგა
საქართველოს ტონგას წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშია და ექვს შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. მეტოქემ მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, ბოლოს 2014 წელს, მას შემდეგ კი ბორჯღალოსნებს 5-მატჩიანი წარმატებული სერია აქვს.
კუნძულელებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს. მაშინ ბორჯღალოსნები ტონგას მსოფლიო თასის საგზურისთვის შეხვდნენ და პირველი მატჩი ნუკუალოფაში 6:37 დათმეს. სამი კვირის თავზე “დონამოზე” რევანში შედგა, მაგრამ საქართველომ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით, 28:27 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა, საქართველოს დებიუტი კი 4 წლით გადაიდო.
ტონგასთან მორიგ თამაშამდე მთელი 15 წელი გავიდა და მესამე დაპირისპირება 2014 წელს შედგა. ამ მეტოქესთან პირველი ტესტ-მატჩი “მიხეილ მესხზე” გაიმართა და სტუმრებმა დამაჯერებლად, 23:9 მოიგეს. ეს იყო მათი მეორე და ბოლო გამარჯვება საქართველსთან.
მთავარი დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. საქართველომ ტონგა ინგლისში, გლოსთერში 17:10 დაამარცხა და იმ მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი (ორი გამარჯვება) აჩვენა. 2016 და 2018 წლებში ტონგას ორჯერ ვეთამაშეთ ფიჯიზე, სუვაში და ორივეჯერ გავიმარჯვეთ - 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა საპასუხოდ თბილისში გვეწვია და 20:9 გავიმარჯვეთ, 2024 წელს კი, მეტოქეს “მიხეილ მესხზე” ჯერჯერობით რეკორდული სხვაობით, 22:7 ვძლიეთ.
განვლილ 8 თამაშში ბორჯღალოსნებმა გაიტანეს 14 ლელო და 141 ქულა, თავად კი 18 ლელო და 148 ქულა მიიღეს.
წყარო - Rugby.ge
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს