კარკაძეს და მატკავას გაუხანგრძლივეს - ქართველებს ნდობას უცხადებენ
საფრანგეთის PRO D2-ის წლევანდელ სეზონში „ოიონა“ არაჩვეულებრივად გამოიყურება და TOP 14-ში დაწინაურების ერთ-ერთი კანდიდატი, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველ ლეგიონერებს მიუძღვით. სოლიდური, უმაღლეს დონეზე ასპარეზობა კლუბის ხელმძღვანელებმა საქართველოს ნაკრების წევრებს სათანადოდ დაუფასეს და როგორც ლუკა მატკავასთან, ასევე ვანო კარკაძესთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე გახანგრძლივდა.
25 წლის მატკავა „ოიონას“ შარშანდელ სეზონში შეუერთდა და 9 მატჩში, მოედანზე გატარებულ 404 წუთში 25 ქულა დააგროვა. მიმდინარე წელი კი ლუკასთვის კარიერაში უდავოდ საუკეთესოა, რადგან 13 საჯარიმოს გატანის გარდა, 4 ლელო დადო და 119 ქულით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება კარკაძეს, მისთვის საუკეთესო შარშანდელი გათამაშება გახლდათ, როდესაც 20 მატჩში თავი 8 ლელოთი გამოიჩინა და 40 ქულას მოუყარა თავი. მიმდინარე ჩემპიონატში კი, 26 წლის ვანოს აქტივში 7 შეხვედრაში, საიდანაც 5 ძირითადში დაიწყო, ორი ლელო, ანუ 10 ქულაა.
ცნობისათვის, ამჟამად ლუკა მატკავა და ვანო კარკაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან და მსოფლიო რაგბის ერთა თასის საშემოდგომო ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც ბორჯღალოსნები შაბათს, 14 ნოემბერს, ავჭალის სტადიონზე ტონგასთან გამართავენ. კანადელებთან შეხვედრაში კარკაძემ ლელო დადო, მატკავამ კი, ექვსი გარდასახვა გაიტანა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს