ბორჯღალოსნების პროგრესი - იტალიასთან სხვაობა შემცირდა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის ბოლოსწინა ტურში ტონგასთან საშინაო შეხვედრაში ლაღი, შემტევი თამაში აჩვენა და მეტოქე სრულიად დამსახურებულად დაამარცხა. ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირის ჩემპიონობა გაინაღდეს და მსოფლიო რეიტინგში 0,29 ქულა მოემატათ. ხაზგასასმელია ლუკა მატკავას ასპარეზობა, რომელიც ერთა თასის საუკეთესო მექულეა - 25 წლის მორაგბემ ხუთ ტურში 76 ქულა დააგროვა და ამ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ სამი დარტყმა გააფუჭა.
ბუნებრივია, ასეთი მცირე პროგრესი წინსვლას ვერ გამოიწვევდა და რეიტინგში 74,23 ქულით ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ისევ მეცამეტე პოზიციაზეა, თუმცა იტალიასთან (75,84) სხვაობა მაინც შემცირდა, რაც უდავოდ დადებითი ფაქტია. ქართველი მორაგბეები ტურნირს შაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საშინაო მატჩით დაასრულებენ. საქართველომ და აშშ-მ აქამდე გამართული ხუთივე თამაში მოიგეს, აქედან ოთხ-ოთხი ბონუს-ქულით, ჯამში 24-24 ქულა მოაგროვეს, უახლოეს მდევრებს 7-7 ქულით გაუსწრეს და ერთა თასის პირველ ჩემპიონებად ვადაზე ადრე გამოცხადდნენ.
ცნობისათვის, „ბორჯღალოსნებს“ ამერიკელებთან აქამდე 8-ჯერ უთამაშიათ და მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვთ - 5 მოგება (ბოლო ოთხი ზედიზედ) სამი მარცხის წინააღმდეგ. განვლილი რვა შეხვედრიდან ხუთი საქართველოში გაიმართა - სამი თბილისში, ერთი რუსთავში და ერთიც ბათუმში. საქართველო-აშშ-ს მომავალი დაპირისპირება კი, 21 ნოემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს