ოთხი ქართველის ლელო სამ შეხვედრაში - მატკავას ლამაზი გარღვევა
„ოიონა“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში უმაღლეს დონეზე ასპარეზობას განაგრძობს, რისი უმთავრესი შემოქმედებიც კლუბის ქართველი ლეგიონერები არიან. ასე იყო ამჯერადაც - PRO D2-ის მეექვსე ტურში სტუმრად „ნარბონასთან“ (14:57) მოგებულ შეხვედრაში მეტოქის ჩათვლის მოედანი ორმა „ბორჯღალოსანმა“, ვანო კარკაძემ და ლუკა მატკავამ აიღო. პირველმა მათგანმა ამის გაკეთება 58-ე წუთზე მოახერხა, ზუსტად 9 წუთში კი ლელო უკვე ლუკამაც დადო. ამ უკანასკნელმა „ოიონას“ რიგებში სრულად ითამაშა, მისი ქართველი თანაგუნდელი ვასილ ლობჟანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კარკაძე შეხვედრაში 46-ე წუთზე ჩაერთო.
„ორიაკმა“ საკუთარ სტადიონზე „ბიარიცი“ 19-ქულიანი სხვაობით, 52:33 დაამარცხა და მასპინძლების შემადგენლობაში ერთი ლელო 54-ე წუთზე ირაკლი მჭედლიძემ დადო, რომელიც 63-ე წუთზე გურამ ღანიაშვილმა შეცვალა. მჭედლიძის გარდა, „ორიაკის“ რიგებში 51 წუთი იასპარეზა ლუკა ნიორაძემ, ხოლო ლაშა ტაბიძე ცვლილებაზე 51-ე წუთზე გამოჩნდა.
„ბეზიეში“ გადასვლის შემდეგ ნიკოლოზ სუთიძემ პირველი ლელო დადო. ის და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ვალენს-რომანთან“ (20:47) დამარცხდნენ, ქართველმა მორაგბემ კი თავი 27-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო 52-ეზე შეცვალეს. სუთიძის გარდა, „ბეზიეს“ სასტარტოში იყო ლუკა გოგინავა, რომელიც მოედნიდან მე-13 წუთზე გავიდა, 37-ეზე კი დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა. რაც შეეხება „ვალენს-რომანს“, ამ კლუბის რიგებში სრულად ითამაშა ილია სპანდერაშვილმა, რომელიც გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს