მატკავას PRO D2-ში ვერ აჩერებენ - აფრასიძის პირველი ლელო სეზონში
ლუკა მატკავა საფრანგეთში არაჩვეულებრივად გამოიყურება და PRO D2-ის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე ნამდვილად არის. მე-7 ტურში „ოიონამ“ საკუთარ სტადიონზე „ვალენს რომანი“ 51:25 დაამარცხა და 51-დან 26 ქულა კლუბს სწორედ მატკავამ მოუტანა, რომელმაც სრულად ითამაშა, ერთი ლელო დადო, ერთხელ მისი ჩინებული დრიბლინგის შემდეგ თანაგუნდელმა აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი და გარდა ამისა, ლუკამ 6 გარდასახვა და 3 საჯარიმო ზუსტად დაარტყა, რის შემდეგაც მიმდინარე სეზონში უკვე 106 ქულა დაუგროვდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ამავე შეხვედრაში „ოიონას“ რიგებში მატკავას გარდა ვასილ ლობჟანიძემ და ვანო კარკაძემ იასპარეზეს, ხოლო „ვალენს რომანის“ ღირსებას ილია სპანდერაშვილი და გიგა თუთისანი იცავდნენ.
მეშვიდე ტურში ქართველების წარმატება მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა - „ბიარიცი“ - „ანგულემის“ შეხვედრაში, რომელიც ფრედ 27:27 დასრულდა, სტუმართა რიგებში მეტოქის ჩათვლის მოედანი გელა აფრასიძემ აიღო, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელო იყო. „ანგულემის“ რიგებში ცვლილებაე გიორგი ჯავახია გამოჩნდა, ხოლო „ბიარიცში“ გიორგი ნუციბიძემ და კახა დარბაიძემ იასპარეზეს.
ცნობისათვის, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის, PRO D2-ის გათამაშების სატურნირო ცხრილს 7 ტურში დაგროვებული 33 ქულით „ოიონა“ ლიდერობს, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „პროვანს რაგბის“ 4 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე ადგილზე 22 ქულით „გრენობლია“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს