სადებიუტო ლელო ჩემპიონის რიგებში - ფხაკაძე ბორდოს დაეხმარა
ლაშა ფხაკაძემ გასულ ზაფხულს კარიერაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა და საფრანგეთის PRO D2-ის კლუბიდან ჩემპიონთა თასის მოქმედ გამარჯვებულ გუნდში გადავიდა. ბუნებრივია, როდესაც „ბორდომ“ 22 წლის ქართველი მორაგბის დამატება გადაწყვიტა, მისი შესაძლებლობების შესახებ სკაუტებმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და სეზონის სტარტზევე ლაშამ გაცემული ავანსების გამართლება დაიწყო, რისი დასტურიც უკანასკნელი მატჩი გახლდათ.
საფრანგეთის TOP 14-ის მეხუთე ტურში ჟირონდელებმა საკუთარ სტადიონზე „ლიონს“ უმასპინძლეს და დავით ნინიაშვილის ყოფილი კლუბი 23-ქულიანი სხვაობით, 51:28 დაამარცხეს. ფხაკაძემ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში, პირველი ნომრის პოზიციაზე დაიწყო და 38-ე წუთზე სტუმართა ჩათვლის მოედანი აიღო, ხოლო 49-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა. მთლიანობაში ლაშამ მიმდინარე სეზონში „ბორდოში“ 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ძირითადში დაიწყო, მინდორზე 99 წუთი გაატარა და ეს მისთვის სადებიუტო ლელო იყო.
ცნობისათვის, „ბორდოში“ გადასვლამდე ლაშა ფხაკაძე უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ნევერში“ ასპარეზობდა 44 შეხვედრაში თავი 4 ლელოთი გამოიჩინა.