საგოლე პასი, მომენტები და 13 მოგებული ორთაბრძოლა | კვარას შესანიშნავი მატჩი ტულუზასთან
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „პარკ დე პრენსზე“ „ტულუზას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ჩემპიონატის ეგიდით მე-20 თამაში მოიგო და 3:1 გაიმარჯვა.
„კვარამ“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველი მომენტი სწორედ მას შეექმნა. მესამე წუთზე პარიზელთა მარცხენა გარემარბმა „ტულუზას“ კარისკენ დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარემ, გილომ რესტემ, გოლის გატანის საშუალება არ მისცა. მერვე წუთზე ხვიჩას კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა.
33-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა. კუთხურის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მეორე სართულზე გამართული ორთაბრძოლა მოიგო და უსმან დემბელეს გაატანინა. 39-ე წუთზე მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ.
კვარაცხელიამ მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყო და საგოლე გადაცემების დუბლთან ახლოს იყო. მორიგი კუთხურის შემდეგ „კვარამ“ თავით ითამაშა და ისევ დემბელემ შეაგდო, მაგრამ უსმანი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 63-ე წუთზე ხვიჩას ჩაწოდების შემდეგ სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც პარიზელებმა ვერ გამოიყენეს. 2 წუთში კვარაცხელიას დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა, 68-ე წუთზე კი მის ნაცვლად მოედანზე ნუნუ მენდეში შევიდა.
ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა. „კვარამ“ 13-დან 13 ორთაბრძოლა მოიგო, რაც საოცარი შედეგია. გარდა ამისა, მან სამი საკვანძო პასი გააკეთა და მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა.
რაც შეეხება მატჩს, ანგარიში „პარი სენ-ჟერმენმა“ გახსნა და დემბელეს ბრწყინვალე გოლით 23-ე წუთზე დაწინაურდა. „ტულუზამ“ წონასწორობა 4 წუთში, მატვეი საფონოვის ცუდი თამაშის შემდეგ, აღადგინა, რასაც 33-ე წუთზე „კვარას“ ასისტი და დემბელეს დუბლი მოჰყვა — 2:1. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გონსალუ რამუშმა დააფიქსირა — 3:1.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 63 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარიზელებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ელით.