მათიაშვილი: „მხოლოდ კლასის ხარჯზე ვიგებდით და ფინალამდე ძალიან ვნერვიულობდი“
თამამად შეიძლება იმის თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდი დგას. რამდენიმე კვირის წინ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაკარგეს. როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის დროს, განსაკუთრებით საინტერესოა ვეტერანი მორაგბეების შეფასება და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სოსო მათიაშვილი, რომელიც მუდამ დეტალურად და მოურიდებლად ცდილობს არსებულ რეალობაზე ლაპარაკს და ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 33 წლის მორაგბემ, რომელიც ამჟამად საქართველოს ჩემპიონატში „წიქარას“ ღირსებას იცავს, ბორჯღალოსნების აწმყოსა და მომავალზე საინტერესო ანალიზი გააკეთა.
სოსო მათიაშვილი
ტურნირი ისე მიდიოდა, ჩემთვის თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ ფინალს საქართველო და პორტუგალია ითამაშებდნენ. ისიც ცხადი იყო, რომ გარდა ძალიან ხარისხიანი რაგბის თამაშისა, პორტუგალიელები სხვა წლებთან შედარებით, ამ გათამაშებაში განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩანდნენ. საქართველოს ნაკრების ასპარეზობის ყურებისას კი მრჩებოდა ის განცდა, რომ მატჩებს მხოლოდ კლასის ხარჯზე ვიგებდით და კიდევ იმის, რომ სხვებზე ერთი თავით მაღლა ვიდექით.
აქედან გამომდინარე, ფინალამდე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ სერიოზულად არ მივუდგებოდით მატჩს, წავაგებდით. ჩემი გადმოსახედიდან ისე ჩანდა, თითქოს მოტივაცია დაკარგული გვქონდა, მაგრამ გარედან ამის შეფასება რთულია. მეც ვყოფილვარ ნაკრებში და ხანდახან უთქვამთ, თითქოს მოტივაცია არ გაქვსო, მაგრამ როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშობდე და მოტივაცია არ გქონდეს? ამას ვერც ერთი წამით ვერ დავუშვებ, ვერც ჩემზე და ვერც ბიჭებზე. თუმცა, პორტუგალიასთან თითქოს ისე ჩანდა, რომ გამარჯვებაში ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით.
პორტუგალიასთან თამაშის წაგება იყო მოდუნების ბრალი. ამ ყველაფერს ემატებოდა მწვრთნელების ცვლა, ახალი მორაგბეების გამოცდა, ახალი სისტემის დანერგვა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები. გახსოვთ, წინა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაბრაზებულები რომ ვიყავით და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი დიდი ანგარიშით მოვიგეთ? აი, ზუსტად ანალოგიური რამ მოხდება მომდევნო წელს. მაგარი მოტივირებული და მაგარი გაბრაზებული საქართველოს ნაკრები ყველას გადაუვლის.
ლელოს დადებაზე რომ ვთამაშობდით და საჯარიმოებს არ ვურტყამდით, თუნდაც აქედან ჩანს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვიყავით. პრინციპში საამისო საფუძველიც გვქონდა - მოლში ვჯობნიდით, შერკინებაში ვჯობნიდით და ალბათ მწვრთნელების დავალება იყო, რომ სულ მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებაზე აქცენტირებულად გვეთამაშა.
ნებისმიერ შემთხვევაში ასი პროცენტით მჯერა მე ამის - ისეთი თაობა მოდის, რომ კარგი მართვის შემთხვევაში, თუ კარგი სამწვრთნელო შტაბი შეიკვრება და კარგად ამუშავდება, ყველაფრის შანსი გვექნება. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ტესტ-მატჩები ტიერ 1-ის დონის ქვეყნებთან ისე ხშირად აღარ მოგვიწევს. თუმცა, 2015 წლის მსოფლიოს თასამდეც არ გვქონია საკმარისი რაოდენობის მატჩები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, 2019 და თუნდაც 2023 წლის ჩემპიონატებთან შედარებით, თუმცა საუკეთესო შედეგი მაინც თერთმეტი წლის წინ დავდეთ, რადგან კარგი ბირთვი შეიკრა და ყველაფერი გამოვიდა.
იტალიას ჩვენ რომ მოვუგეთ ბათუმში, მაშინაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და რამდენიმე ხნით ადრე ავსტრალიისთვის ჰქონდათ მოგებული. უბრალოდ, ერთი დღისთვის, ერთი განსაკუთრებული დღისთვის ყველა - გულშემატკივრებიდან დაწყებული მოთამაშეებით დამთავრებული ისე მოვემზადეთ, რომ იმ ერთ დღეს, იმ მომენტში აპენინელებზე უკეთესები ვიყავით. უკეთესები ვიყავით არა ტაქტიკურად, ან რომელიმე ერთ კომპონენტში, მთლიანად განწყობით, ტაქტიკური არჩევანით, ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. ამით იმის თქმა, რომ რომ არავინ დაუმარცხებელი არ არის. ამის მაგალითი უელსია, რომელსაც ფავორიტად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ მოტივაციისა და გამარჯვების დიდი სურვილის ხარჯზე იტალიას აჯობა.
საქართველოს ნაკრების თითოეული მორაგბე ბედნიერია, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშის საშუალება ეძლევა და ჩასაფრებული ადამიანები რომ გააკრიტიკებენ, საწყენია, არ არის სასიამოვნო. თუმცა, ეგრე არის - კარგს რომ აკეთებ ყველას უხარია, მაგრამ ძალიან რთულია ხალხს თვალი შეაყვარო. სამაგიეროდ, ერთხელ თუ ფეხი დაგიცდება, ეგრევე მიწასთან გასწორებენ. დარწმუნებული ვარ ბიჭები ამ ყველაფერს გამოასწორებენ და როგორც ტონგას მოვუგეთ 2015-ში და როგორც იტალიას ბათუმში, ახლაც შეგვიძლია იგივეს გაკეთება.
ცნობისათვის, მომავალ ზაფხულს ბორჯღალოსნები მსოფლიოს რაგბის ახალ სანაკრებო ტურნირში, ერთა თასში ჩაერთვებიან, სადაც ქართველი მორაგბეების მეტოქე ჩილეს, სამოისა და ურუგვაის ნაკრები იქნება.