„ფიჯელებს დაბალანსებულ რაგბის შევთავაზებთ“ - აფრიკული საერთაშორისო სერიის წინ
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამ ტესტ-მატჩს გამართავს. უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე ხვალ, ფიჯის ასაკობრივი გუნდი იქნება და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ურთულეს მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებას როგორც მთავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი, ასევე ნაკრების მორაგბე ლუკა ნარსია ოპტიმისტური განწყობით ხვდება.
ვიტო კოლელიშვილი
მზადებამ კარგად ჩაიარა - საქართველოში ვარჯიშების დროს რისი დახვეწაც გვინდოდა, ყველაფერი შევასრულეთ და აქ სამხრეთ აფრიკაშიც საწვრთნელი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ფიჯის ნაკრებთან საასპარეზოდ მზად ვართ - კუნძულელები ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან და მათ სტრუქტურიზებული, დაბალანსებული რაგბი უნდა შევთავაზოთ, რომელიც ბუნებრივია დისციპლინაზე იქნება აგებული და ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა ის ყველაფერი რაც აქამდე გავიარეთ, მოედანზე მაღალი ხარისხით გადავიტანოთ.
ლუკა ნარსია
სამხრეთ აფრიკაში ოთხი დღის წინ ჩამოვედით და როგორც ადაპტაციის, ასევე აკლიმატიზაციის პროცესი კარგად დასრულდა. შევისწავლეთ ფიჯელების ძლიერი და სუსტი მხარეები და ვეცდებით მათ ჩვენი პლუსები დავუპირისპიროთ. მიზანი რა თქმა უნდა ამ ტურნირზე სამივე შეხვედრის მოგება და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება იქნება.
ფიჯელებთან თამაშის შემდეგ, ქართველი მორაგბეები კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩილელებთან და სამხრეთ აფრიკელებთან ჩაატარებენ. უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისამდე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.