სამხრეთ აფრიკული სერია | 20-წლამდე ბორჯღალოსნების შემადგენლობა
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სერიის პირველ მატჩში საქართველო ფიჯის ერკინება. შეხვედრა ქეიფთაუნში, „სიტი პარკზე“ ჩვენი დროით 15 საათზე დაიწყება. საქართველოსა და ფიჯის გარდა სერიაში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა და ჩილე თამაშობენ. უმცროსი ბორჯღალოსნები 26 მაისს ჩილეს, ხოლო 30-ში „ჯუნიორ ბოკეს“ ეთამაშებიან.
ფიჯისთან სამატჩო განაცხადში 5 ლეგიონერია, მათგან ოთხი პირველხაზელი: ბურჯები აჩი ნოზაძე და ლევან ეზიეშვილი თამაშს ძირითადში იწყებენ. ხოლო კვაჭი გიორგი აღნიაშვილი და ბურჯი გაბრიელ რაზმაძე მარქაფაში არიან. დამწყებთა შორისაა მეორეხაზელი ნიკა ჩხორთოლია.
სასტარტო შემადგენლობაშია მგეზავი მათე მახარაძე, რომელიც 2008 წელსაა დაბადებული და 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში კიდევ ორი წელი ეკუთვნის. 2007 წელს არიან დაბადებული ნიკა ჩხორთოლია, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, დათა არობელიძე, ლუკა ტაბატაძე და ავთანდილ ზვიადაძე.
უმცროსი ბორჯღალოსნები, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკა და ფიჯი, საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
ფიჯისთან დასახელებული 23 მოთამაშიდან ექვსმა, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა. ესენი არიან: აჩი ნოზაძე, დავით არჩვაძე, ნიკა ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, თემურ ძოძუაშვილი და დათა ახვლედიანი.
უმცროს ბორჯღალოსნებს ფიჯელ თანატოლებთან აქამდე სამჯერ უთამაშიათ და მეტოქე სამივეჯერ დაამარცხეს: 2015 წელს ალაფაზე 30:13, ხოლო 2019 და 2024 წლებში ჩემპიონატზე, შესაბამისად - 12:8 და 40:36.
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა, ქომაგს რაგბი ტვ-ის ეთერით შეეძლება.

20-წლამდელთა საერთაშორისო სერია
I რაუნდი. 21 მაისი. 15:00 (საქ. დრო)
სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „სიტი პარკი“
საქართველო - ფიჯი
საქართველო
ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. აჩი ნოზაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. თორნიკე ტორაძე, 20. პაატა ჩაკვეტაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. ნიკა ხალვაში.
 
 
სამხრეთ აფრიკა - ჩილე (17:00 საქ. დრო)
 
26 მაისი. სამშაბათი
ჩილე - საქართველო (15:00)
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი (17:00)
 
30 მაისი. კვირა
სამხრეთ აფრიკა - საქართველო (16:30)
ფიჯი - ჩილე (18:30)