გადაწყვეტილებას ვეთანხმებით | რაგბის კავშირის განცხადება დოპინგ-სკანდალზე
Aa
Aa

გადაწყვეტილებას ვეთანხმებით | რაგბის კავშირის განცხადება დოპინგ-სკანდალზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის განცხადება: „საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.

კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.

პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი''.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში“ მონაწილეობის გამო 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

მორაგბეებთან ერთად დისკვალიფიკაცია საქართველოს ნაკრების ყოფილ ექიმს, ნუცა შამათავას მიესაჯა, რომელსაც სპორტულ სფეროში მოღვაწეობა 9 წლით აეკრძალა. საბოლოოდ, დისკვალიფიცირებულთა სია და ხანგრძლივობა ასე გამოიყურება: მერაბ შარიქაძე - 11 წელი, გიორგი ჭყოიძე - 6 წელი, ლაშა ხმალაძე - 3 წელი, ოთარ ლაშხი - 3 წელი, მირიან მოდებაძე - 3 წელი, ლაშა ლომიძე - 9 თვე, ნუცა შამათავა - 9 წელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები