ხუთი ქართული ლელო - კვესელაძე გრენობლს ეფექტურად დაემშვიდობა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის რეგულარული გათამაშების უკანასკნელ ტურში ლელო ხუთმა ქართველმა მორაგბემ, რატი ზაზაძემ, კონსტანტინე მიქაუტაძემ, გიორგი კვესელაძემ, ვანო კარკაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ დადო. განსაკუთრებით საინტერესო „ბრივი“ – „ნევერის“ (31:29) მატჩი გამოდგა, სადაც მასპინძლებს გამარჯვება ბოლო წუთზე კონსტანტინე მიქაუტაძემ მოუტანა, რომელმაც ლელო თავის სტილში დადო. იქამდე კი სტუმართა შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი რატი ზაზაძემ აიღო. „ბრივის“ გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი 0:20-ს აგებდნენ. ზაზაძის გარდა „ნევერის“ სასტარტოში შეხვედრა ლაშა ფხაკაძემ დაიწყო, ხოლო ლუკა პეტრიაშვილი და დავით მჭედლიძე ცვლილებაზე შევიდნენ. რაც შეეხება „ბრივის“ თავკაცსა და საქართველოს ნაკრების მომავალ მთავარ მწვრთნელს პიერ-ანრი ბრონკანს მან მიქაუტაძე სრულად ათამაშა, ხოლო ვახტანგ აბდალაძე შეცვლაზე ჩართო შეხვედრაში.
გიორგი კვესელაძე „გრენობლის“ რიგებში უკანასკნელ მატჩს ატარებდა, რის გამოც „კოლომიესთან“ მოედანზე ორმაგად მოტივირებული გავიდა. მართალია ის და მისი თანაგუნდელები 17:39 დამარცხდნენ და პლეი ოფის მიღმა დარჩნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების მორაგბემ მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გრენობლელ ქომაგებს ეფექტური ლელოთი დაემშვიდობა.
ვანო კარკაძისთვის წლევანდელი სეზონი კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად გახლავთ - „ორიაკთან“ 36:25 მოგებულ საშინაო შეხვედრაში „ოიონას“ რიგებში საქართველოს ნაკრების მორაგბე ცვლილებაზე გამოჩნდა და მიმდინარე PRO D2-ში მე-9 ლელო დადო. მის გარდა მასპინძლების შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძემ იასპარეზა, ხოლო „ორიაკის“ რიგებში თედო აბჟანდაძემ ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა. აბჟანდაძის გარდა ძირითადში ბასა ხონელიძე და ალექსანდრე ბურდული იყვნენ, ხოლო ირაკლი მჭედლიძე ცვლილებაზე შევიდა.
ლელოთი გამოიჩინა თავი თორნიკე ჯალაღონიამ, რომლის „პროვანს რაგბიმაც“ სტუმრად „ვალენს რომანი“ 34:21 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მორაგბემ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელა აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი.
ცნობისათვის, PRO D2-ის წლევანდელი სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულებულია და პლეი ოფის საგზური ექვსმა კლუბმა მოიპოვა. „ვანმა“ და „კოლომიემ“ პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს და მეტოქეებს ელოდებიან, ხოლო „პროვანს რაგბი“, „ოიონა“, „ვალანს-რომანი“ და „ბრივი“ მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.