შიოშვილის საოცარი სტარტი - ლელო და შთამბეჭდავი სტატისტიკა
მიხეილ შიოშვილი საფრანგეთის TOP 14-ში თავს ძალიან სწრაფად იმკვიდრებს და გულშემატკივრები უკვე ახალი ვარსკვლავის დაბადებაზე ალაპარაკდნენ. გათამაშების მეოცე ტურში „ტულონი“ სტუმრად „პერპირიანთან“ 16-ქულიანი სხვაობით, 20:36 დამარცხდა, თუმცა მარცხში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ახალგაზრდა ქართველი მორაგბე იყო, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე აიღო პერპირიანელთა ჩათვლის მოედანი.
შიოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ოთხი წუთი ადრე შეცვალეს. 76 წუთის განმავლობაში მან ბურთი 19-ჯერ წაიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. გარდა ამისა, ერთი ორთაბრძოლა მოიგო, ბურთით 73 მეტრი დაფარა და 9 ბოჭვა შეასრულა, ერთი ოფლოუდი და მეტოქე გუნდის მცველი 4-ჯერ გააბითურა.
ცნობისათვის, მატჩში მონაწილეობა მიხეილ შიოშვილის გარდა, კიდევ სამმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. „პერპირიანის“ ძირითადში მყოფი გიორგი თეთრაშვილი - 52-ე, ხოლო „ტულონის“ სასტარტოს წევრი ბექა გიგაშვილი 49-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება შიოშვილისა და გიგაშვილის ქართველ თანაგუნდელს გიორგი ჯავახიას, ის თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთო.