„ახალი ტურნირი ტესტ-მატჩების დანაკლისს ვერ აგვინაზღაურებს“ - ინტერვიუ ლადო კილასონიასთან
ლადო კილასონიას ქართული რაგბის გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება - ჭკვიანი და განსწავლული სპეციალისტი საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში ჯერ ილია მაისურაძის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის პოსტი გადაიბარა და მისი ხელმძღვანელობით 2024 წელს მსოფლიოს თასზე მეცხრე ადგილი დავიკავეთ, რაც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის ამ დრომდე საუკეთესო შედეგად ითვლება. კილასონიამ 20-წლამდე მორაგბეთა გუნდის დამრიგებლის თანამდებობა 2025 წელს დატოვა და ამჟამად როგორც საქართველოს ეროვნული გუნდის, ასევე „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კილასონიამ ქართულ რაგბიში არსებულ ყველა პრობლემაზე და აქტუალურ საკითხზე დეტალურად და საინტერესოდ ისაუბრა.
ლადო კილასონია
ძალიან გულდასაწყვეტია, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩვენთვის ტიერ 1-ის ქვეყნებთან ტესტ-მატჩები დაიხურა, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. თუმცა, ახალი ტურნირი ყოველთვის ახალი გამოწვევაა. თანაც, ყველამ კარგად ვიცით, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რაგბის სხვანაირად და კარგად თამაშობენ. ამ კუთხით მათთან დაპირისპირება უზომოდ საინტერესო იქნება, თუმცაღა პირველი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების არაარსებობის გამო შექმნილ დანაკლისს ეს ყველაფერი ვერ აგვინაზღაურებს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი ძალიან რთული თამაში გამოდგა. პორტუგალია ჩვენთვის ყოველთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო და წელს მთელი ტურნირის განმავლობაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. შესაბამისად, ვიცოდით, რომ იოლი შეხვედრა არ იქნებოდა. იყო რამდენიმე ისეთი შეცდომა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. თუმცა, როდესაც ანგარიში 19:17 გახდა, მაშინაც იჩინა გარკვეულმა ლაფსუსებმა თავი, რამაც ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა.
რატომ არ მივუდექით საკითხს პრაგმატულად, რატომ ვითამაშეთ ლელოზე და რატომ არ ვურტყამდით საჯარიმოებს? ეს შეიძლება გარეშე თვალიდან მართლა ასე ჩანდეს, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. შეხედეთ, ჩვენ სამჯერ ზედიზედ არ დავარტყამთ კარში, ამას მოყვება ჯარიმა, რასაც გავათამაშებთ კუთხეში, იქიდან ორი ერთზე გავდივართ და პასს არ ვაკეთებთ, თორემ ლელოა. ანუ, ამ კუთხით ვფიქრობ, რომ მართლა მაგარი შანსი გავუშვით, თუმცა ის ჯარიმა რომ დაგვერტყა, საქმე აქ აღარ მივიდოდა და თამაში სხვა დინებით გაგრძელდებოდა. და მეორე - როდესაც არ დავარტყამთ ჯარიმებს, შერკინებით შევათრევთ ბურთს და საჯარიმო ლელოს გავიტანთ და ამ შემთხვევაში უკვე ბარათით მეტოქეს კაცს გაუგდებენ. მესმის გულშემატკივრების, რომლებიც საკითხს ასე უყურებენ - ის ჯარიმა რომ დაგვერტყა, პლუს 3 ქულა გვექნებოდა. თუმცა შემდეგ ჩვენ ვიდეოჩანაწერს ვუყურეთ და გახსოვთ რა მოყვა ამ ჯარიმებს? მოჰყვა ხელიდან გაშვებული ასპროცენტიანი ლელოს შესაძლებლობა და ნუ ეხლა ამას ვერ გადააზღვევ იმ პირობებში, როდესაც ორი ერთზე გადიხარ და პასს ვერ აძლევ, უფრო სწორად არ აძლევ.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა იტალიის ნაკრები რა თქმა უნდა ძალიან კარგად გამოიყურება და ეს არ არის მხოლოდ ერთწლიანი შრომის ნაყოფი, ისინი ამისკენ დიდი ხნის განმავლობაში მიისწრაფოდნენ, თავისი ექვსი ერით, თავისი URC-ში მონაწილეობით მოასპარეზე ორი კლუბით, „ბენეტონს“ და „ძებრეს“ ვგულისხმობ, საიდანაც ერთ გუნდში 60 მორაგბე გამოდის, მეორეში კი 55, რაც იმას ნიშნავს, რომ „სკუადრა აძურას“ 100-ზე მეტი მოთამაშე წელიწადში 18 ძალიან მაღალი დონის მატჩს ატარებენ და ამას ემატება ევროპის ჩელენჯ თასიც. ყოველივე ეს უქმნის იტალიელებს იმ შესაძლებლობასა და პლაცდარმს, რომელიც ჩვენ ასე გვაკლია. ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთან განცდილი მარცხი ჩვენთვის მწარე, მაგრამ ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება და ამის შემდეგ ბევრად მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვემზადოთ.
სანაკრებო დონეზე რადგანაც ძლიერ გუნდებთან დაპირისპირების ფუფუნება აღარ გვაქვს, მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ საკლუბო ასპარეზზე მაინც გვყავდეს რაც შეიძლება ბევრი ისეთი მორაგბე, რომლებიც უმაღლესი დონის მატჩებს ჩაატარებენ. საფრანგეთის TOP 14-ში ქართველი მორაგბეების რაოდენობა ვიცით და კარგია, რომ ბევრი ლეგიონერი გვყავს ევროპის უძლიერეს ლიგაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შავ ლომსაც“ მიეცეს დიდ სარბიელზე გასვლის საშუალება.
ამ ეტაპზე მე ვარ ჩართული „შავი ლომისა“ და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის საქმეებში. ჩემი წამოსვლის მიზეზი საქართველოს 20-წლამდე ნაკრებიდან? 15 წელი ვმუშაობდი ასაკობრივ ნაკრებებში და რაღაც ცვლილების სურვილი გაჩნდა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და ნიჭიერი სპეციალისტი გამოძებნეს ვიტო კოლელიშვილის სახით და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ მას და მთელ გუნდს.
ცნობისათვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს თასზე, რომელიც ავსტრალიაში უნდა ჩატარდეს, B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნება.