U18 - ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
Aa
Aa

U18 - ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც საფრანგეთში გასამართი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება, 34-კაციანი შემადგენლობით, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი შეკრება დაიწყო.

შარშანდელის მსგავსად ფესტივალი წელსაც საკურორტო ქალაქ ვიშში გაიმართება და საქართველო ტრადიციულად სამ თამაშს გამართავს: 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთთან; 7 აპრილს ინგლისთან, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიასთან. ზემოთ ნახსენები გუნდების გარდა ფესტივალში ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი მიიღებენ მონაწილეობას.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე საქართველომ პირველად 2024 წელს ითამაშა და მაშინ საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა. ტიერ1-ის გუნდებს შარშანაც დიდი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა ამჯერად ფესტივალი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ: იტალიასთან 24:37, უელსთან 10:17 და ირლანდიასთან 21:26.

წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი გუნდი განახლებული სამწვრთნელო შტაბით მიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაინიშნა. სამწვრთნელო შტაბს დაემატნენ ასევე ვეტერანი ბორჯღალოსნები - შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი) და ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი). გუნდთან ერთად რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

განვლილი პერიოდისა და მოლოდინების შესახებ 18-წლამდელთა ნაკრებს მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გვიყვება:

„პირველ ეტაპზე ქუთაისში ორი 3-დღიანი შეკრება გვქონდა, რომელიც სელექციას და ტაქტიკურ მომზადებას ემსახურებოდა. ამას ასევე ქუთაისში 4 ნაყოფიერი კვირა მოყვა, რომლის დროსაც სათამაშო სისტემები გავიარეთ. მწვრთნელისთვის მოსამზადებლად დრო საკმარისი არასდროსაა, თუმცა გარკვეული ეტაპები გადავლახეთ“.

„ბოლო ორი შეკრების მსგავსად, მზადებას 34-კაციანი შემადგენლობით ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ამხანაგური თამაშების ჩატარება ვერ ხერხდება და ძირითადად ერთმანეთში გვიწევს სპარინგ-მატჩების გამართვა. ხვალ „შევარდენზე“ 20-წლამდელთა ნაკრებთან მართვადი ვარჯიში გვექნება. ვეცდებით აღმოვაჩინოთ ის „ჭანჭიკები“, რასაც უნდა გადავუჭიროთ და ვეცდებით ფესტივალზე მაქსიმალურად დახვეწილი გუნდით წავიდეთ“.

„სამწუხაროდ, ასაკობრივი გუნდების რაოდენობა მწირია და მოთამაშეთა დიდი არჩევანი არ გვაქვს. ვისურვებდი, რომ მეტი კონკურენცია იყოს. ასევე, ჩემი, როგორც 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელის რჩევა იქნება, რომ გუნდებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ტექნიკური უნარების დახვეწას. ძალიან გვიჭირს ხელის ტექნიკა და 1-1,5 თვეში ამის დახვეწა ძალიან რთულია“.

„მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ და სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ. რაგბი თამაშია და არა ბურთის გადაგდება და მერე მიწოლა. რა და როგორ გამოგვივა ამას ფესტივალზე დავინახავთ. სერიოზული მოწინააღმდეგეები გვეყოლება. საფრანგეთის ნაკრები კანდიდატებს 15-20 ათასი მოთამაშიდან არჩევს. შარშან სამხრეთ აფრიკაში ინგლისი რომ დავამარცხეთ (35:31), მათ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ და გვითხრა, ეს ბიჭები 30 ათასი მოთამაშიდან შეირჩაო“.

„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი მოთამაშე აღვუზარდოთ. საფრანგეთში დავინახავთ, თუ სად ვართ ამ ეტაპზე და ამის მიხედვით მომავალში სიღრმისეულ სამუშაოებს ჩავატარებთ“.

„ტრავმის გამო რამდენიმე სასურველი მოთამაშე დაგვაკლდა. ჯერ კდევ გვაქვს იმედი, რომ ლუკა შულაია სასურველ კონდიციაში მოვა და მაღალი დონის თამაშების ჩატარების შესაძლებლობა ექნება. ამისათვის ჩვენი სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს და მათ მადლობას ვუხდი. საფრანგეთში 26 მოთამაშე წავა, ჯერ კიდევ კონკურენცია გვაქვს და შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე თანაბარ შანსს ინარჩუნებს“.

18-წლამდელთა ნაკრები დასკვნით შეკრებაზე 28 მარტამდე დარჩება, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბი ფესტივალზე წამსვლელ 26 მოთამაშეს შეარჩევს. გუნდი საფრანგეთში 31 მარტს გაემგზავრება. 

18-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა

საბა მერაბიშვილი (ლელო), ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კახელი (ლოკომოტივი), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), ნიკოლოზ ჭეფხოძე (რაშები), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი), გეგა გიორგობიანი (ლელო), საბა ჯინჭველაშვილი (აია), ნიკოლოზ დათუნაშვილი (ლელო), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), გიორგი ქევანიშვილი (აია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), გიორგი ბიზიკაშვილი (ხვამლი), გიორგი სუთიაშვილი (ლელო), ლუკა მგალობლიშვილი (არმაზი), ნიკოლოზ გვრიტიშვილი (ლელო), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), გიორგი ხონელიძე (ტულონი), მათე მახარაძე (ხვამლი), ატო ლიპარტელიანი (აია), გოგა ბერიძე (ბათუმი), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ბასილი მიქუჭაძე (ყოჩები), ბართლომე ხამაშურიძე (აია), გიორგი ლაგვილავა (ლელო), ლუკა მუშკუდიანი (აია), რეზო ცხვედიანი (ხვამლი), გიორგი კუპრეიშვილი (ფოთი), ლუკა ჭაკუა (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, პაატა მაისურაძე, ირაკლი ყიასაშვილი, შალვა მამუკაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზ. მწვრთნელი: ნიკა მამისაშვილი, ბექა გუგეშაშვილი

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

წყარო - Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი სილა გაგვაწნეს“ - ურუშაძე ბორჯღალოსნების მარცხზე
„კარგი სილა გაგვაწნეს“ - ურუშაძე ბორჯღალოსნების მარცხზე