კალანდაძის შემცვლელი ცნობილია | ხელბურთის ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 47 წლის ესპანელი სპეციალისტი 11 მაისს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარდგება და გუნდთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეკრებას ჩაატარებს.
გარაბაიას ხელბურთელის კარიერის ზენიტი 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა და ესპანეთის ხელბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. მის აქტივშია 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი. საკლუბო დონეზე გარაბაიამ წარუშლელი კვალი დატოვა ბარსელონასა და ვალიადოლიდში. ყველაზე პრესტიჟული შიდა ტიტულები, ASOBAL ლიგა (ქვეყნის ელიტარული ჩემპიონატი) და ესპანეთის თასი მოიგო, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე 2009 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.
რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, გარაბაია მუშაობდა კლუბ ლოგრონიოსის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2021 წელს ჩინეთის ქალთა ნაკრებს წვრთნიდა, 2021-22 წლებში ეგვიპტის კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2022 წელს ეგვიპტის ნაკრებთან ერთად ხმელთა შუა ზღვის თამაშების ვერცხლისა და აფრიკის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. 2022-25 წლებში უნიკახას მთავარი მწვრთნელი იყო. საქართველოში ჩამოსვლამდე მცირე ხნით მაკედონიურ რკ ევროფარმ პელისტერს წვრთნიდა.
გარაბაია ტიტე კალანდაძეს შეცვლის. კალანდაძის ხელმძღვანელობით ქართველმა ხელბურთელებმა ზედიზედ ორჯერ, 2024 და 2026 წლის კონტინენტის პირველობებზე ითამაშეს და თუ პირველ შემთხვევაში ერთი მატჩი მოიგეს, მეორეში სამივე დათმეს. კალანდაძის შესაძლო წასვლის თაობაზე პირველად საჯაროდ სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, მოთამაშეებს, რომელთაც თავი არ დაზოგეს, მიუხედავად იმისა რომ წინა მატჩი შედარებით უფერულად ჩაატარეს. მათ თითქმის მაქსიმუმი გააკეთეს. რაც შეეხება მსაჯებს, ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ალბათ მწვრთნელთა კოლექტივმა, რომელიც ამდენი წელია მუშაობს, თავი ამოწურა. სჯობს მწვრთნელებმა თავიანთ შეცდომებზე ისაუბრონ და არა მსაჯების შეცდომებზე. მე რომ მკითხოთ, ახლა სახლში უნდა მიდიოდნენ. ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა შეისწავლა ჩვენი გუნდი და მეტოქის მოთამაშეებმა დავალებები შეასრულეს. ჩვენი ნაკრების მხრიდან ასე არ იყო, ამიტომ მე მიმაჩნია რომ მწვრთნელებმა თავიანთი თავი ამოწურეს. ბევრი რამ გააკეთა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახლა ალბათ სხვისი დროა’’ - მეძმარიაშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ფლეი-ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა.