პოლონური და უნგრული კლუბების რადარზე | შესაძლოა, უგრეხელიძემ დინამო დატოვოს
რუდი გალეტის ინფორმაციით, პოლონური და უნგრული კლუბები დინამო თბილისის ცენტრალური მცველის, ნიკოლოზ უგრეხელიძის მიმართ ინტერესს იჩენენ. გალეტი აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში უგრეხელიძე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და შესაძლოა ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყოს.
„მარცხენა ფეხით მოთამაშე და ფიზიკურად ძლიერი უგრეხელიძე გამოირჩევა საჰაერო ორთაბრძოლებში სიმტკიცით, აგრესიული დაცვითა და უკანა ხაზზე მაღალი დისციპლინით. ამავდროულად, იგი ბურთთანაც თავდაჯერებულია, რაც დაცვიდან შეტევის წამოწყებისას საუკეთესო პასებითა და ხედვით ვლინდება. სკაუტებზე კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მისი მენტალიტეტი და ლიდერული თვისებები ახდენს. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დინამოში ბევრი მას უკვე აღიქვამს, როგორც გუნდის მომავალ კაპიტანს'' - აღნიშნავს რუდი გალეტი.
ცაცია ცენტრალურმა მცველმა 2025-26 წლების სეზონის პირველი ნახევარი თურქეთის სუპერლიგის ქარაგიუმრუქში გაატარა, სუპერლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4-დან 2-ში სასტარტოში იყო, 1 ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე, თურქეთის თასის ერთ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა. ზამთარში დინამოში დაბრუნდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
22 წლის უგრეხელიძე დინამოს აკადემიის აღზრდილია, დინამო 2-ში 24 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 6 ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება პირველ გუნდს, 58 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, 20 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.
ნიკოლოზს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2025 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ტრავმის გამო გამოტოვა.
ბოლო პერიოდში რუდი გალეტიმ კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელზე, ამპლუით მეკარეზე, პაპუნა ბერუაშვილზე დაწერა (იხილეთ).