პორტუგალიურმა კლუბებმა ინტერესი გამოხატეს | რუდი გალეტის სტატია ბერუაშვილზე
რუდი გალეტის ინფორმაციით, ევროპულმა კლუბებმა, განსაკუთრებით პორტუგალიურმა კლუბებმა რუსთავის 22 წლის მეკარის, პაპუნა ბერუაშვილის მიმართ ინტერესი გამოხატეს. გალეტი აღნიშნავს, რომ პაპუნა კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა.
„ბერუაშვილი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მეკარეა. 2004 წელს დაბადებული მეკარე, რომელიც ამჟამად კლუბ რუსთავში თამაშობს, წარმატებულ სეზონს ატარებს და უცხოური გუნდების ინტერესს სულ უფრო მეტად იპყრობს.
დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, ფიზიკური მონაცემებისა და სათამაშო სტილის გამო ხშირად გიორგი მამარდაშვილს ადარებენ. 198 სმ სიმაღლის მეკარე სოლიდურ გაბარიტებს სხარტ რეაქციებსა და თავდაჯერებულობას უთავსებს, რაც მას კარის ხაზზე საიმედო ფიგურად აქცევს'' - აღნიშნავს რუდი გალეტი თავის სტატიაში.
2022-23 წლების სეზონი დინამო თბილისიდან იჯარით ლისაბონის სპორტინგში გაატარა, 23-წლამდე გუნდში 5 მატჩი ჩაატარა. შემდეგ დინამოში დაბრუნდა და გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით რუსთავს შეუერთდა. გია ცეცაძის გუნდს უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 მატჩში ითამაშა, 4-ში კარი მშრალად შეინახა.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, ამჯერად საუბარი პორტუგალიის ტოპ კლუბებზე - სპორტინგზე, ბენფიკასა და პორტუზე არ არის, პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სხვა გუნდები გამოხატავენ ინტერესს, სადაც გადასვლა პაპუნასთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
გასული სეზონის მეორე ნახევარი მისთვის იმ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ რამაზ სვანაძემ 21-წლამდე ნაკრებში მიიწვია და მას შემდეგ პაპუნა 21-წლამდე ნაკრების პირველი მეკარეა, ევროშესარჩევში ბოლო ოთხ მატჩში სასტარტოში იყო. მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა საბერძნეთთან და გერმანიასთან მატჩებში.
პროგრესი მიმდინარე სეზონში გააგრძელა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მუდმივად სასტარტოშია, 10 მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა, მათ შორის ქუთაისის ტორპედოსთან და გორის დილასთან მოგებულ შეხვედრებში. მხოლოდ 7 გოლი გაუშვა, ყვითელი ბარათი არ მიუღია.
ფოტო: Nakrebi.ge