„ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - კიტეიშვილი გოლისა და ჰარტბერგთან გამარჯვების შემდეგ
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ზედიზედ მესამედ, ავსტრიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში გრაცელები სტუმრად „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს. სტუმართა შემადგენლობაში მესამე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ლასკ-თან საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.
რა თქვა კიტეიშვილმა:
„კარგი ენერგია ვაჩვენეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. რაც შეეხება ჩემს შედეგს, ბედნიერი ვარ, მაგრამ ამას გუნდის დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებდი.“
„LASK-საც უნდა მივულოცოთ. ისინი ძალიან ძლიერად თამაშობენ. განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში იასპარეზეს ძალიან კარგად. თუ შეძლებენ ამ უპირატესობის შენარჩუნებას და ბოლო მატჩშიც გაიმარჯვებენ, მაშინ ჩემპიონობა ნამდვილად დაუმსახურებიათ. მთლიანობაში, ჩემპიონობისთვის უაღრესად საინტერესო ბრძოლა გამოვიდა. ჩვენი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გვჯეროდეს წარმატების. წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვინ იცის. იქნებ გამოგვივიდეს. ჩვენ ბოლომდე ვეცდებით.“
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 28-ე მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ქართველ ნახევარმცველს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და 15 გოლი ერთ სეზონში არასდროს ჰქონია გატანილი. კიტეიშვილს საუკეთესო მაჩვენებელი გასულ სეზონში ჰქონდა, როდესაც 32 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო.
31 ტურის შემდეგ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება. გრაცელები ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „რაპიდს“ დაუპირისპირდებიან და აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, თუმცა მათი ბედი ლასკ-ზე იქნება დამოკიდებული. ბოლო ტურში ლასკ-ი სტუმრად ვენის „აუსტრიას“ შეხვდება და მინიმუმ ფრის შემთხვევაში ჩემპიონი „შტურმი“ გახდება. დასკვნითი ტურის მატჩები 17 მაისს, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება.