კიტეიშვილის მე-15 გოლი - შტურმმა ჰარტბერგს მოუგო
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“, რომელი ავსტრიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 31-ე ტურში სტუმრად „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
ქართველებიდან სასტარტო შემადგნელობაში ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში მე-15 გოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა თავი 25-ე წუთზე გამოიჩინა და „შტურმის“ სასარგებლოდ ანგარიში 1:3 გახადა. კიტეიშვილს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, ხელსაყრელი პოზიციიდან მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
მთავარმა მწვრთნელმა კიტეიშვილი 85-ე წუთზე, გიზი მამაგეიშვილით შეცვალა. გიზის შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
კიტეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 60 შეხება, 37-დან 32 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 6 დარტყმა - 2 ზუსტი, 2 დაიბლოკა, 1 ძელს მოხვდა, 1 არაზუსტი იყო; 1 ართმევა, ბურთის 6-ჯერ დაბრუნება, 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 7.6 ქულა.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 28-ე მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ქართველ ნახევარმცველს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და 15 გოლი ერთ სეზონში არასდროს ჰქონია გატანილი. კიტეიშვილს საუკეთესო მაჩვენებელი გასულ სეზონში ჰქონდა, როდესაც 32 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო.
31 ტურის შემდეგ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება. გრაცელები ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „რაპიდს“ დაუპირისპირდებიან და აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, თუმცა მათი ბედი ლასკ-ზე იქნება დამოკიდებული. ბოლო ტურში ლასკ-ი სტუმრად ვენის „აუსტრიას“ შეხვდება და მინიმუმ ფრის შემთხვევაში ჩემპიონი „შტურმი“ გახდება. დასკვნითი ტურის მატჩები 17 მაისს, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება.