სიახლე სამწვრთნელო შტაბში - ბორჯღალოსნებს ნემსაძე შეუერთდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში კიდევ ერთი სიახლეა - ამიერიდან როგორც ბორჯღალოსნების, ასევე „შავი ლომის“ ფიზიკური მომზადების მთავარი მწვრთნელი დავით ნემსაძე იქნება. ამ კომპონენტს ყველგან უდიდესი ყურადღება ექცევა, მორაგბეების სათანადო ტონუსში ყოფნა და მსოფლიოს თასისთვის ჯეროვნად მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რის გამოც არჩევანი გამოცდილ სპეციალისტზე შეჩერდა.
ნემსაძე თავდაპირველად ქუთაისის „აიას“ ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, 2016 წლიდან საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, ხოლო 2021 წლიდან „შავ ლომშიც“ შეითავსა ანალოგიური ფუნქციები. დავითი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში 2019 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების დროს იმყოფებოდა, ამჯერად კი ამ კომპონენტზე მთლიანად ის იქნება პასუხისმგებელი და როგორც უკვე მოგახსენეთ, ფიზიკური მომზადების მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს შეითავსებს.
ცნობისათვის, დავით ნემსაძე ვეტერანი ბორჯღალოსანის და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ძმაა, რომელიც ამჟამად საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს უდგას სათავეში.