გორგაძის ლელო საკმარისი არ გამოდგა - პო ბრძოლას გამოეთიშა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მეოთხედფინალში „პომ“ საკუთარ სტადიონზე „რასინგს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 31:33 დამარცხდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ შეხვედრაში გამოსარჩევი ფაქტი ბექა გორგაძის თავის გამოჩენა გახლდათ, რომელმაც 58-ე წუთზე მასპინძლების შემადგენლობაში ლელო დადო, თუმცა ეს მისი გუნდისთვის მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გორგაძე „პოს“ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სრულად ითამაშა. მის გარდა ასევე სასტარტოში დაიწყო ასპარეზობა ლექსო ყაულაშვილმა, რომელიც 46-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება „რასინგს“, თამაში გურამ გოგიჩაშვილმა ტრადიციულად 1 ნომრის პოზიციაზე დაიწყო და 73-ე წუთზე დატოვა მოედანი. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, 51-ე წუთისთვის სტუმრები 16-ქულიანი სხვაობით იგებდნენ და „პომ“ სხვაობის ორ ქულამდე შემცირება შეძლო, თუმცა მეტის გასაკეთებლად მასპინძლებს ძალები აღარ შერჩათ.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში „პოს“ ღირსება ბექა გორგაძემ 17 შეხვედრაში დაიცვა და 3-ჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი, ხოლო ლექსო ყაულაშვილის ანგარიშზე 16 მატჩში 1 ლელოა.